საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ახალი ანგარიში მოამზადა.
„ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, საქართველო 25 ქულით, თავისუფალი ქვეყნების სიაშია და ლიდერია ევრაზიის რეგიონში, თუმცა მისი პოზიცია წინა წელთან შედარებით ერთით გაუარესდა.
ანგარიშში - „ციფრული ავტორიტარიზმის აღზევება“, საუბარია ე.წ. „ყალბ ახალ ამბებზე“, პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე - როგორც დემოკრატიისთვის უმთავრეს საფრთხეებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ინტერნეტი საქართველოში შედარებით თავისუფალი რჩებოდა, ყურადღების ცენტრში მოექცა რამდენიმე საქმე, მათ შორის რეპერების დუეტისა და პრეზერვატივების კომპანიის საქმეები, ასევე ეჭვები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში. ეს მოვლენები შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც Freedom House-ის კვლევების დირექტორმა, ადრიან შაბაზიმ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ევრაზიის რეგიონში ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე ძლიერი შემზღუდველები უზბეკეთი, რუსეთი და ყაზახეთი არიან, ხოლო საუკეთესო რეიტინგი საქართველოსა და სომხეთს აქვს.
„საქართველომ ერთი პოზიციით დაიწია უკან. ერთ-ერთი მთავარი დადებითი ცვლილება, რაც დავინახეთ, იყო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლებიც მალე ამოქმედდება, ინტერნეტზე წვდომა აღიარებულ იქნა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. ეს იყო დადებითი ნიშანი იმისა, რამდენად სერიოზულად უდგება საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტის თავისუფლებას და მთავრობაც რამდენად მონდომებულია ზოგიერთ შემთხვევაში, რომ ეს უფლება გარანტირებული იყოს. საქართველოში გასულ წელს განსხვავებული, შერეული შედეგები გვქონდა. ერთი მხრივ, მთავრობას არ დაუბლოკავს რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე წვდომა, მაგრამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - მდგომარეობა, როდესაც დამოუკიდებელი ჟურნალისტი შეიძლება მოიტაცონ და სხვა ქვეყანას გადასცენ მისი ონლაინ პუბლიკაციებისთვის, არის ძალიან პრობლემური და არის შემაშფოთებელი ტენდენცია ინტერნეტის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლებისთვის ზოგადად”, - განაცხადა მკვლევარმა.