ეროვნული ბანკის აუდიტორულ მომსახურებაზე 180 000 ლარი დაიხარჯება - რომელი კომპანია შეამოწმებს სებ-ს

პარლამენტმა ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი უკვე შეარჩია.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებაშია აღნიშნული, სებ-ის 2018-2019 წლების ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს KPMG Georgia.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება 180 000 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები ეროვნულმა ბანკმა უნდა გასწიოს.

რაც შეეხება KPMG Georgia-ს, ეს არის პროფესიონალი კომპანიების გლობალური ქსელი, რომელიც აუდიტის, საგადასახადო, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლიდან დაიწყო.

როგორც რეესტრის ბოლო, 2018 წლის 2 ოქტომბრის ამონაწერშია აღნიშნული, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი - კახა რუხაძე; ხოლო გენერალური დირექტორი ოლეგ გოშანსკია. ამასთან, კომპანიის 49%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული KPMG CIS HOLDINGS LIMITED ფლობს; 17%-17%-იანი წილები კი კლაუს მოლერ ნილსენს, ოლეგ გოშანსკის და ასელ ხაიროვას ეკუთვნით.