რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 322 მოქალაქესა და 68 კომპანიასთან მიმართებაში სპეციალური შემზღუდავი ეკონომიკური ზომების დაწესებაზე.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
„სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესება ხდება უკრაინის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე უნაღდო ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და საკუთრების ბლოკირებას (გაყინვას). სანქციები გავრცელდება 322 ფიზიკურ და 68 იურიდიულ პირზე“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სასანქციო სიაში მათ შორის მოხვდნენ პეტრო პოროშენკოს შვილი, უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო. ამასთან, სიაში არიან უკრაინის კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი არსენ იაცენიუკი, „ნავთოგაზის“ ხელმძღვანელი ანდრეი კობოლოვი, უკრაინის ელჩი ამერიკაში ვალერი ჩალი და ა.შ.
რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ კონტრზომები მიმართულია კიევის არამეგობრულ ქმედებებზე რუსეთის მოქალაქეებთან და კომპანიებთან მიმართებაში და მათი გაუქმება მოხდება თუ უკრაინა თავის სანქციებს გააუქმებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი 22 ოქტომბერს მოაწერა. როგორც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, რუსეთის სპეციალური ეკონომიკური ზომები უკრაინის არამეგობრულ ქმედებებს უკავშირდება.