სულ მალე ბასტი და ბუბუ ტელეეკრანებიდან ბავშვების ხელში გადაინაცვლებს. გამომცემლობა პალიტრა L-ისა და ბასტი-ბუბუს თანამშრომლობის შედეგად მშობლებისა და შვილების საყვარელი პერსონაჟები ფუმფულა თოჯინებად იქცნენ.
ბასტი და ბუბუ 25 წელზე მეტია, ყველა თაობის საყვარელ პერსონაჟებად მოიაზრებიან. მათი თოჯინებად ქცევის პროექტის მიზანი, ქართული პროდუქტის განვითარებასთან ერთად, პერსონაჟების ახალ თაობასთან კიდევ უფრო დააახლოვებაა. პროექტის ფარგლებში 4 სახის თოჯინა ორიგინალური ილუსტრაციების მიხედვით შეიქმნა.
თოჯინები „ბასტი-ბუბუსა“ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. გამომცემლობაში გვპირდებიან, რომ სამომავლოდ გმირებს პატარები წიგნებშიც შეხვდებიან. „ბასტი-ბუბუს“ დირექტორის თამარ ახვლედიანის განმარტებით, ამიერიდან ბასტი და ბუბუ ბავშვებს კიდევ უფრო დაუმეგობრდებიან.
„საქართველოში დაბადებული ორი ბრენდი გაერთიანდა და ძალიან საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს გმირები, რომლებიც წლებია, არსებობენ და ძალიან უყვართ უკვე სხვა ფორმითაც ხელმიწვდომია და ბავშვებს ბასტი და ბუბუს თოჯინები ეყოლებათ. ჩვენი გმირებით უკვე დაბეჭდილია ბლოკნოტები, სტიკერები, ბალიშები. ამიერიდან კი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. სამომავლოდაც ვგეგმავთ არაერთი სიახლის შეთავაზებას. იქნება ინტერაქტიული სამაგიდო თამაშები. „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით შეიძლება დიდი შოუები და გადაცემებიც დავგეგმოთ,“ - განმარტავს თამარ ახვლედიანი.
"პალიტრა L-ისთვის" კი ბასტისა და ბუბუს შექმნა ქართველ გმირებთან მუშაობის პირველი შემთხვევა არაა. გამომცემლობამ თოვლის გუნდა უკვე აქცია წიგნის გმირად, მისი პაზლები, სტიკერები, ბალიშები, ჭიქები და სათამაშოებიც კი შექმნა, რამაც გმირის პოპულარობა ახალ თაობაშიც გაზარდა.
31 ოქტომბერს „ბიბლუსი გალერეაში“, გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და „ბასტი-ბუბუს“ ერთობლივი ნამუშევრის, ბასტი-ბუბუს თოჯინების წარდგენა გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბაბილინა, ბასტი, ბუბუ და ბავშვები. გაიმართა მუსიკალური შოუ გათამაშებები, სახის მოხატვა და სხვა აქტივობები.
სათამაშოები ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.