ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სამინისტროსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ბიზნეს-ასოციაციაში აცხადებენ, შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი მალძიგაშვილი და შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი დავით ბუღაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ბიზნესმენებისათვის საინტერესო საკითხები განიხილეს, ძირითადად კი, საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში. შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობისა და უკეთ განვითარების კუთხით რეკომენდაციები და ხედვებიც წარადგინეს.

ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ერთი მხრივ, სამინისტროსათვის ბიზნესის ხედვის, პრობლემების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ მიწოდებას და მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, ბიზნესმა მიიღოს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის, მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების, ცვლილებების შესახებ, რაც ჯამში ბიზნესგარემოს უფრო პროგნოზირებადს და საიმედოს ხდის.

ბიზნესასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.