Apple-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო

კორპორაცია Apple-მა თავისი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

ამერიკული კომპანიის შემოსავლებმა უკანასკნელ კვარტალში 62,90 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითოეულ აქციაზე 2,91 დოლარიან მოგებას ნიშნავს. ამასთან, კომპანიის მონაცემებით, შემოსავალი 20%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და არის რეკორდული მაჩვენებელი კომპანიის ისტორიაში.

კომპანიამ ახალ კვარტალში შემოსავლის შესაბამისად რეკორდულ მოგებაზეც განაცხადა, რომელმაც 14,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის მონაცემებზე. აღნიშნულმა მონაცემებმა სააგენტო Reuters-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, რომლებიც 61,5 მილიარდის შემოსავალს და 2,79 მილიარდის მოგებას ვარაუდობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ 46,9 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც სპეციალისტების მოლოდინზე ნაკლებია, თუმცა iPhone-ების საშუალო ფასის ზრდამ მოგებაც მნიშვნელოვნად გაზარდა.

უკვე მომდევნო პირველ ფინანსურ კვარტალში, რომელიც დღესასწაულების პერიოდს ემთხვევა, კომპანია ასევე რეკორდულად მაღალ შემოსავალს პროგნოზირებს. მათი პროგნოზით შემოსავლები იქნება 89-93 მილიარდი დოლარის, კომპანიის საბაზრო ღირებულება კი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

კოკა კვირკველია