ეს ხელისუფლება იმეორებს იმავე ნაბიჯებს, რასაც დგამდა „ნაციონალური მოძრაობა".ჩვენ უბრალოდ, შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რა უფრო დიდი ბოროტებაა - წართმევა თუ არდაბრუნება,- ამის შესახებ იურისტმა მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც იურისტებმა თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილი მფლობელებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმის დეტალებზე ისაუბრეს.
იურისტების განცხადებით, თბილისის საავიაციო ქარხანა წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ყველაზე მასშტაბური ქონებაა, რისი დაბრუნების პოლიტიკურ ნებასაც ახლანდელი ხელისუფლება არ იჩენს.
მაია მწარიაშვილის თქმით, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 2012 წელს დაიწყო, თუმცა 2016 წელს შეწყვიტა და ვერ დაადგინა საავიაციო ქარხნის 24-მა აქციონერმა რატომ "გააჩუქა" ქონება. როგორც მწარიაშვილმა აღნიშნა, მოქმედ ხელისუფლებას სჯერა, რომ აქციონერებმა სახელმწიფოს აჩუქეს ეს ქონება.
„ამ პროცესში სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტრო. როგორც კი ეკონომიკის სამინისტრომ სასამართლოზე წარადგინა შესაგებელი და დაიკავა პოზიცია, რომ მას აჩუქეს ეს ქონება, სახელმწიფომ ამით თქვა, რომ მას სჯერა, რომ აჩუქეს ეს ქონება და არ სურს უკან დაბრუნება. ანუ სახელმწიფო ამბობს, რომ იმ ხელისუფლებამ ყველა სხვას შეიძლება წაართვეს ქონება, მაგრამ ეს ქონება მე ნამდვილად მაჩუქეს. ამ დროს როგორ მოქმედებს პროკურატურა? პროკურატურა მოქმედებს ისე, როგორც ტრადიციულად მოქმედებდა წინა ხელისუფლების პირობებში. 2012 წელს პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო, მაგრამ 2016 წელს შეწყვიტა. პროკურატურამ გამოკითხა ის პროკურორები და გამომძიებლები, ვისზეც აქციონერები მიუთითებდნენ, რომ მათ განახორციელეს ზეწოლა. ცხადია, არც ერთი პროკურორი და გამომძიებელი ასეთი გამოძიების პირობებში არ მოვა აღიარებითი ჩვენებით. ამიტომ პროკურატურამ ფორმალურად გამოკითხა ისინი. მათ თურმე კატეგორიულად უარყვეს რაიმე ამდაგვარი ძალადობა, თუმცა გამოძიებამ ვერ ახსნა ფინანსური პოლიციის შემდეგ რატომ გაიქცა პანტიკო თორდია ეკონომიკის სამინისტროში და წილი გადააფორმა სასწრაფოდ; ეს 24 აქციონერი რატომ ჩადგა მწკრივში ერთ ღამეს და რატომ გადააფორმეს ქონება. პროკურატურას აბსოლუტურად არ გასჩენია კითხვები, არც რაიმე გამოუკვლევია. უბრალოდ დაადგინა, რომ პროკურორებმა და გამომძიებლებმა ზეწოლის ფაქტები უარყვესო. ანუ ამ საქმის ასე გამოძიება უკვე დანაშაულია. ეს ხელისუფლება იმეორებს იმავე ნაბიჯებს, რასაც დგამდა "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ უბრალოდ, შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რა უფრო დიდი ბოროტებაა - წართმევა თუ არდაბრუნება. იმ ხელისუფლებამ წაართვა, ამ ხელისუფლებას მოსწონს წართმეული შედეგი და არ აბრუნებს. ახლა საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება, როგორ უნდა ავწონოთ სიმძიმის თვალსაზრისით - ის მიუღებელია და ეს მისაღებია თუ როგორ?"- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.