"სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა"

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიახლე, რაც 2019 წლის ბიუჯეტში არის ასახული, არის ის, რომ დაახლოებით, 144 ათასი ბავშვისთვის გამოიყოფა 50-ლარიანი დახმარება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

„შეთანხმდა მთელი რიგი საბიუჯეტო პარამეტრებისა, მათ შორის, აღნიშნული ინიციატივაც, რომელიც სრულად ეხმიანება იმ პრობლემას, რომელიც დაფიქსირდა „იუნისეფის“ კვლევაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა აღნიშნული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება სხვა საინტერესო ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ მიმართულებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.