ნავთობის ფასი 7 თვის მინიმუმს მიუახლოვდა

მალე ირანის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციები სრული მასშტაბით ამოქმედდება. ნავთობის გლობალური ბაზარი ირანული ნდლეულის გარეშე დარჩება.თუმცა ამის მიუხედავად, ნავთობის ფასები მაინც მცირდება და ახალი თვის დასაწყისში, 7 თვის მინიმუმს მიუახლოვდა.

ნაწილობრივ, ფასების კლებას იწვევს ის გარემოება, რომ შერთებული შტატები სანქციების მიუხედავად, ირანული ნავთობის შესყიდვის უფლებას, რამდენიმე ქვეყანას აძლევს. მათ შორის, იაპონიას, სამხრეთ კორეას და ინდოეთს, რომელიც ირანულ ნავთობზე ძლიერ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა მოპოვება ამერიკაში. ირანულ დანაკლისს კი უკვე ავსებენ გაერთიანებული არაბული საემიროები და ლიბია. იმავდროულად, გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელება, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს.

მთავრობის სტატისტიკით, შეერთებულ შტატებში ნავთობის აგვისტოში ყოველდღიური მოპოვება 416 000 ბარელით გაიზარდა და 11.346 მილიონს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამერიკაში მალე კონგრესის შუალედური არჩევნებია და ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნავთობის ფასის შემცირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ბრიტანული ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 2.70 დოლარით (3.6 პროცენტით) შემცირდა და 72.77 დლარი გახდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ბარელის ფასმა 1.62 დოლარით (2.5 პროცენტით), 63.69 დოლარამდე დაიკლო. ეს კი 9 აპრილის შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასია. სულ ოქტომბერში WTI-ს მარკის ნავთობის ფასი 11 პროცენტით, ბრენტის მარკისა კი 9 პროცენტით შემცირდა.

როიტერსის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინათ, ნავთობზე მომუშავე ბევრი ტრეიდერი და უოლ სტრიტის ბანკირები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომავალი წლის დასაწყისისთვის, ბრენტ მარკის ნვთობის ფასი 100 დლარს მიაღწევდა. მაგრამ უმეტესობამ უკვე შეცვალა პროგნოზი და ახლა უკვე თვლის, რომ ბრენტი 70 დოლარზე დაბლა ჩამოვა, WTI-ს ფასი კი 60 დოლარს ჩამოსცდება.

მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ბევრი ინვესტორი თვლის, რომ ნავთობის ფასის მიმდინარე შემცირებას სპეკულაციური ხასიათი აქვს და ეს პროცესი მალე შემობრუნდება. ტრეიდერთა ნაწილმა, ფასის შემცირების შემდეგ, ნავთობის შესყიდვებიც კი გაზარდა.