სამხრეთის გაზის კორიდორის ევროპული ნაწილის - ტრანსადრიატიკული გაზსადენის (ТAP-ის) განხორციელების შემდეგ, კასპიის საბადოების გაზი ევროპას ახალი წყაროდან ახალი მარშუტით მიეწოდება. ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, TAP-ის პროექტის დასრულება დაგეგმილ დროში ნიშნავს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის წლიურმა დატვირთვამ შეიძლება 22 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ტრანზიტით გატარებული გაზის პროპორციულად, შეღავთიან ფასში დამატებით მიიღოს რამდენიმე ასეული მლნ კუბური მეტრი გაზი. კომპანიის ცნობით, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
„იტალიის პრეზიდენტმა იტალიის სანაპირო წყლებსა და ხმელეთზე ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა. ამით მოიხსნა ის უკანასკნელი ბარიერი, რაც გარკვეულწილად ეჭქვეშ აყენებდა სამხრეთის გაზის კორიდორის წარმატებით დასრულებას დაგეგმილ ვადებში.
სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი მოიცავს 4 ძირითად ნაწილს. აზერბაიჯანულ შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მე-2 ფაზას, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ტრანსანატოლიური TANAP მილსადენს და ტრანსადრიატიკულ TAP მილსადენს.
კორიდორის შემადგენელი პირველი 3 პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია, პარალელურად დაწყებულია TAP მილსადენის მშენებლობა საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე. ახლა კი პროექტის რეალიზაცია ინტენსიურად გაგრძელდება იტალიის მონაკვეთზეც,“ - ნათქვამია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციაში.