მთავრობამ 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამა მინისტრთა კაბინეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა წარუდგინა, რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისათვის განმარტებები გააკეთა.

"ეს არის საშუალო ვადიანი სამთავრობო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის მიზნებსა და პრიორიტეტებს. დოკუმენტის შემუშავება და განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ფორმატში. დოკუმენტი პირდაპირ პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას და სამოქმედო გეგმის შესაბამისი დებულების მოთხოვნებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, სექტემბერში ხელი მოეწერება ევროკავშირთან საბიუჯეტო დახმარებას 30 მილიონი ევროს ფარგლებში.