საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის.
დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. მენაშენეების საკონკურსო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მინისტრის ბრძანების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისია შეიქმნა. კომისიის პირველ სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
კომისიის სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. კომისიამ ასევე დაადგინა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბინების ჩაბარება 2019 წლის 1 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე, სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის და პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გამოცხადდა. 8 ნოემბერს მენაშენეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. კომისიას მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები.
მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა.