პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს.
ივანიშვილის განმარტებით, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე, რის შესაბამისადაც, საჭიროა გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფებისთვის.
„2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ:
სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა.
საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას.
უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.
და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!“, - აცხადებს ივანიშვილი.