ნოდარ ხადური: დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა გაზრდილია

დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვა 2014 წლის იანვარ-მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო მაისის თვეში, წინა წლის მაისთან შედარებით - 11,6%-ით.

მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში და მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მედიას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა.

"ეს ნიშნავს, რომ მაისში დაახლოებით 6,3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. ხოლო იანვარ-მაისში 7%-ზე მეტი", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება მონაცემებს ცალკეული დარგების მიხედვით, ხადურის თქმით, ჩატარებული ანალიზის მიხედვით, მაისის თვეში ყველაზე სწრაფად მზარდი მშენებლობის სექტორი იყო - ბრუნვა მშენებლობაში 18%-ით არის გაზრდილი. შემდგომ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 15,4%-ით, უძრავი ქონების ოპერაციები გაზრდილია 8,2%-ით, ხოლო ვაჭრობის სფერო გაზრდილია 7,2%-ით.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, არც ერთ დარგში, მაისის განმავლობაში კლება არ არის დაფიქსირებული და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვა არის 11,6%-ით გაზრდილი შესაბამის პერიოდთან შედარებით. მისივე თქმით, ასევე გასული წლის ხუთ თვესთან შედარებით მიმდინარე წლის ხუთ თვეში, ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია 12, 9%-ით. მათ შორის, მშენებლობა გაზრდილია 26,2%-ით, სოფლის მეურნეობა - 23,7%-ით, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით გაზრდილია 17%-ით, სამთო მოპოვებასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა შეადგენს 11,5%-ს, ხოლო ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სფეროში ზრდა არის 9,7%.