პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“, პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ ლოს-ანჯელესში შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

„სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ამერიკული მხარის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

კომპანიების ხელმძღვანელებისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო ის, რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ. Cash Rebate პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია, მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები“, – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“.