სამი შპს-ს დირექტორი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს RED STAR-ის დირექტორი მერაბ არეშიძე, შპს "გულადის" დირექტორი ჯამბულ ჭუმბურიძე და შპს "ირაკლის" დირექტორი გიორგი მუმლაძე დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, შპს RED STAR-ის დირექტორი მერაბ არეშიძე, შპს "გულადის" დირექტორი ჯამბულ ჭუმბურიძე და შპს "ირაკლის" დირექტორი გიორგი მუმლაძე დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ არეშიძემ, ჯამბულ ჭუმბურიძემ და გიორგი მუმლაძემ იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდისთვის თავი აერიდებინათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ, არარეზიდენტ და ხშირ შემთხვევაში, ნასამართლევ პირებს სხვადასხვა შპს-ები დააფუძნებინეს, აღნიშნული შპს-ები კი, საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნაროები არიან.

ამ საწარმოების სახელით, საქართველოში იმპორტირებული იქნა 803 680 ლარის სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული, რომელთა განბაჟებიდან 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნული პირების მიერ არ იქნა გადახდილი იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 265 048 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.