ირანის პრეზიდენტი: ირანი ნავთობს სანქციების მიუხედავად მაინც გაყიდის

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქციების განახლების მიუხედავად, ირანი თავისი ნავთობის გაყიდვას მაინც შეძლებს.

„ამერიკას სურდა, რომ ირანის ნავთობის გაყიდვები ნულზე დაეყვანა, მაგრამ ჩვენ ნავთობის გაყიდვას მაინც გავაგრძელებთ და სანქციებს დავარღვევთ“, - სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა რუჰანიმ.

ცნობილია, რომ შეერთებულმა შტატებმა რვა მსხვილ იმპორტიორს, ირანული ნავთობის შესყიდვების ნებართვა დროებით მისცა. მათ შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და თურქეთი. მათზე გამონაკლისი იმის გამოა დაშვებული, რომ სანქციებმა ამ ქვეყნების ეკონომიკის დესტაბილზაცია არ გამოიწვიოს. თუმცა სანქციების განახლების შესახებ, რამდენიმე თვით ადრე გამოცხადდა.

შეერთებული შტატები სანქციების საშუალებით, ირანზე ზეწოლას ახდენს და სურს, რომ ამ ქვეყანამ ბირთვული და სარაკეტო პროგრამები შეაჩეროს. გარდა ამისა, ამერიკა იმედოვნებს, რომ სანქციები ირანს იემენის, ლიბანის, სირიის და ახლოს აღმოსავლეთის სხვა მარიონეტული ძალების მხარდაჭერის მადასაც გაუქრობს.

„დღეს მტერი (აშშ) ჩვენი ეკონომიკის დანგრევას ცდილობს. სანქციების მთავარი სამიზნე, ჩვენი ხალხია“, - ამბობს რუჰანი. მისივე თქმით, ამერიკა მალე მიხვდება, რომ ირანთან ძალის პოზიციიდან ლაპარაკი არ ღირს. „ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ ზეწოლას გავუძლოთ“, - დასძენს რუჰანი.

ტრამპმა მაისში ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დატოვა და აგვისტოში ირანის წინააღმდეგ სანქციების პირველი ეტაპის დაწყება გამოაცხადა. მათ შესაბამისად, ირანს საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური აქტივობები შეეზღუდა. მეორე ეტაპი 4 ნოემბერს ამოქმედდა და მისი სამიზნე ირანული ნავთობის სექტორია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ახალი ჯარიმები, რომლებიც სანქციების დამრღვევთა წინააღმდეგ იმოქმედებს, ყველაზე მძიმეა მათ შორის, რაც კი ირანთან დაკავშირებით ოდესმე შემოღებულა.

„როიტერსთან“ საუბრისას, ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირი ახალ სანქციებს 4 ნოემბრიდან შეუერთდება, თუმცა ევროპული წესებით, ოპერაციების შეზღუდვა მომავალი წლის დასაწყისამდე შეუძლებელი იქნება.