2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვარიანტში ლარი/დოლარის კურსი 2.7 ნიშნულზე დაიგეგმა

მთავრობამ პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა. განახლებულ ვარიანტში ლარი/დოლარის კურსი 2.7 ნიშნულზე დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენისას ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2.63-ის ნიშნულის ფარგლებში იყო. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,5-ის ნიშნულზეა.

პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 20,110 მლრდ ლარი იქნება (პირველ ვარიანტში - 19.715 მლრდ ლარი), მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 15,710 მლრდ ლარი (წინა ვარიანტში 15.315 მლრდ ლარი), ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 4,4 მლრდ ლარი (პირველ ვარიანტში 4 მლრდ).

ამასთან, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 1,230 მლრდ ლარი, საიდანაც 890 მლნ ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 340 მლნ ლარი - პროცენტის თანხას.

ამასთან, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით.

ელზა წიკლაური