შალვა ფიფია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მორატორიუმი საჭირო იყო

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაკანონებზე დაწესებული მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს.

ფიფია მიიჩნევს, რომ მორატორიუმი საჭირო იყო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მზადდება რეგულაციები, რომელთა გათვალისწინებითაც ინვესტორებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები გადაეცემათ.

"მორატორიუმი ერთმნიშვნელოვნად საჭირო იყო. მიწა განსხვავებული ტიპის რესურსია. ის არის ამოწურვადი რესურსი, რომელიც აუცილებელია, სწორად და მაქსიმალურად ეფექტურად იყოს განკარგული. რამდენიმე სამინისტრო მუშაობს, რომ მიღებულ იქნას შესაბამისი რეგულაციები იმასათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მიწის რესურსის განკარგვა და არ მივიღოთ ვითარება, რომ არაეფექტურად იყოს მიწის ნაკვეთები გაცემული", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერის სარჩელის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან გაუქმებულია ნორმები, რომლებიც უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენას კრძალავს.