"ნიკორას" ორგანიზებით ჯომარდობაში ტურნირი ტარდება

28 ივნისს, ფშავში ქართულ ბაზარზე მოქმედ სუპერმარკეტებს შორის ჯომარდობაში შეჯიბრი გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორი „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი გახლავთ. ღონისძიებაში მონაწილეობას „ნიკორასთან“ ერთად „ფრესკოს“, „გუდვილის“, „ორი ნაბიჯის“, „სმარტის“, „ფუდმარტის“, „იოლის“, „კარფურისა“ და „ვეჯინის“ წარმომადგენლები მიიღებენ. გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად სპეციალური თასი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

„ნიკორას“ სუპერმარკეტის თასის გათამაშება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას - პარტნიორ და კონკურენტ ორგანიზაციებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება/გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ცხოვრების ჯანსაღ წესს პოპულარიზაცია გაუწიოს საზოგადოებაში. სწორედ ეს გახლდათ ჯომარდობაში „ნიკორას“ სუპერმარკეტის თასის ტურნირის ორგანიზების ერთ-ერთი მიზანიც. შეჯიბრში „ნიკორას“ ჰოლდინგის პარტნიორი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენი სურვილია ეს ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ” - აცხადებს „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ მაჭავარიანი.