საქართველოში ბიზნესის დასახმარებლად საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი შესაძლოა, მომავალი წლიდან ამოქმედდეს.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვის „მეწარმეობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.
პროექტში აღნიშნულია, რომ ამ მექანიზმის შექმნა აუცილებელია კერძო სექტორის ზრდისთვის. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის გამოყენებით კი მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების ხელშეწყობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომლებსაც არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად.
„აღნიშნული მიზნით, საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდება და დაინერგება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმების ზრდას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას“, - აღნისნულია ბიუჯეტის პროექტში.
ამასთან, ამ მექანიზმის მიზანია ექსპორტის ხელშეწყობისათვის ქართული კომპანიების უცხოურ ბაზრებზე წარდგენა და მათი საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვანია უცხოელ იმპორტიორებთან ურთიერთობების დამყარებისათვის. მექანიზმი ითვალისწინებს ასევე კომპანიებისთვის დახმარების გაწევას ბაზრის კვლევების კუთხით, რომლებიც მათ ხელს შეუწყობს ექსპორტის დაგეგმვასა და მიზანმიმართულ განვითარებაში და ა.შ.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს მექანიზმი 2019 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მისი ბიუჯეტი კი 20 მლნ ლარი იქნება. თუმცა პროექტში არაფერია საუბარი იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს აღნიშნული მექანიზმი.
ცნობისათვის, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე საუბარი 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ ითქვა, რომ განიხილებოდა ფონდის ჩამოყალიბება, რომლის დიზაინის მიხედვით - ერთი მესამედი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ერთი მესამედი - ბანკების, ხოლო დანარჩენ ნაწილის კონტრიბუტორები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირი იქნებოდა.
მოგვიანებით, ასეთი ფონდის და ზოგადად მექანიზმის შექმნის საუცილებლობაზე მთავრობას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მიუთითა. მისი თქმით, ასეთი ტიპის ფონდი ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის პოლიტიკის განხორციელებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფონდის მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი შედარებით მაღალრისკიანი ბიზნესპროექტების დაფინანსებაა.