ბილ გეიტსი თვლის, რომ ტუალეტი სერიოზული ბიზნესის წყაროა და რომ მის ახლებურად გამოყენებას, არამხოლოდ ასეულობით მილიარდი დოლარის მოგების მოტანა, არამედ წლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაც შეუძლია.
მის მიერ შექმნილმა ფონდმა „ბილ ენდ მელინდა გეიტს ფაუნდეიშენმა“ 200 მილიონი დოლარი მოახმარა კვლევებს, რომლებიც შვიდი წლის განმავლობაში, სანიტარულ სფეროს სწავლობდა. ამ პროცესში, შეიქმნა 20 ახალი პროექტი, რომლებიც ტუალეტების ახალ კონსტრუქციებს და ექსკრემენტების გადამუშავებას ეხება. მათი მეშვეობით, შესაძლებელი ხდება მავნე პათოგენების განეიტრალება და ნარჩენების სუფთა წყლად და სასუქად გარდაქმნა.
პეკინში ჩატარებულ ტუალეტების გამოფენაზე, გეიტსმა განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიები, ბოლო 200 წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეებია სანიტარიის სფეროში. გეიტსის თქმით, ადამიანის ექსკრემენტებით სავსე ჭიქა, 200 ტრილიონ როტავირუსის უჯრედს, 20 მილიარდ ბაქტერია შიგელას და 100 ათას პარაზიტული ჭიის კვერცხს შეიცავს. მაგრამ ადამიანის ნარეჩენების გადამუშავებით, წლიურად 233 მილიარდი დოლარის მიღება შეიძლება, რომ არაფერი ვთქვათ ასეულობით ათასი მოზარდის სიცოცხლის ხსნაზე.
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, ტუალეტის ნარჩენების ელექტროქიმიურ რეაქტორში გადამუშავებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, ხდება სუფთა წყლის და ადამიანის ნარჩენების გამოყოფა. საბოლოო პროდუქტები კი არის წყალბადი და სასუქები. წყალბადს შემდგომში სხვადასხვა დანადგარების (მათ შორის საავტომობილო) ფიჭურ ელემენტებში გამოიყენებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სანიტარულ სფეროში დაბანდებული ყოველი დოლარი, 5.50 დოლარის მოგებას იძლევა. გეიტსი ამბობს, რომ სანტარიის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, წლიურად 6 მილიარდი დოლარის მოგების მიღება იქნება შესაძლებელი.