დევნილების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი, როგორც ახალი ბინების მშენებლობისთვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვის მიზნით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში, 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას.
„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით უზრუნველყოფა. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს კრძალავდა. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. ამჯერად დევნილების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, როგორც ახალი ბინების მშენებლობისთვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვის მიზნით. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.
„დღეისთვის გარკვეული რაოდენობა უკვე შესყიდულია. მალე თბილისში 342 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს. დაგეგმილზე უფრო მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტში შემოსავლების უფრო მეტმა მობილიზაციამ მოგვცა საშუალება გამოგვენახა დამატებით ახალი რესურსები და უკვე 2018 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდება ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს საშუალება გავზარდოთ ინვესტიციები და კაპიტალური ხარჯები ამ მიმართულებით და წელს მოხდება დამატებით 20 მილიონი ლარის მობილიზება დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა ბახტაძემ.