ბაზარზე ქართული დიზაინით შექმნილი თასმები გამოჩნდა. პროდუქციის დამზადება შპს „ნაირნაირმა“ დაიწყო.როგორც აღმოჩნდა, სტანდარტული თასმები განსხვავებული დიზაინითა და ყველასგან გამორჩეული ვიზუალით მომხმარებლის მოწონებას უკვე იმსახურებს. ამის შესახებ კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელიც მეტყველებს.
როგორც „ნაირნაირის“ დამფუძნებელმა გიორგი ხერგიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, თვიდან თვემდე გაყიდვები მნიშვნელოვნად იზრდება და მოთხოვნა მატულობს. „ნაირნაირის“ დაარსებიდან ერთი წელიც არ გასულა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა.
თასმები ნებისმიერი სეზონის და ფეხსაცმლის შესაბამისი იქმნება. ამ ეტაპზე ადგილობრივი წარმოება დაწყებული არ არის. შესაბამისად, სასურველი რაოდენობის თასმების შეკვეთა საზღვარგარეთ იგზავნება.
„მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული არჩევანი და უშუალო კომუნიკაცია - ეს ჩვენს მცირე ზომის კომპანიას, რომელსაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი ამბიციები აქვს, ყველასგან გამოარჩევს. ვთვლით, რომ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ თავიანთი თავის გამოხატვის საშუალება. სწორედ ამიტომ შევქმენით ორიგინალური ვიზუალის თასმები, რომლებიც ფეხსაცმელს ახალ სიცოცხლეს სძენს. ჩვენს სფეროში კონკურენცია ჯერჯერობით არც ისე დიდია. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გვყავს, რაც გვახარებს. რადგან სტიმულს გვმატებს და უბრალოდ, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„ნაირნაირის“ თასმები ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით იყიდება. შეკვეთის გაკეთება კომპანიის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. ამასთან, პროდუქცია ბარ „ამბავშიც“ ხელმისაწვდომია. როგორც გიორგი ხერგიანი აღნიშნავს, ამ ეტაპზე 20 დიზაინის თასმაა დამზადებული, თუმცა მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში გაყიდვაში კიდევ ათი ახალი დიზაინის თასმა ჩაეშვება. კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, კოლექციაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ერთი წყვილი თასმის შეძენა სულ რაღაც 10 ლარად არის შესაძლებელი. გაყიდვები ზრდადია და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენი პროდუქცია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც ძალიან გვახარებს. ვფიქრობ, ეს კარგი ხარისხის და სწორი კომუნიკაციის შედეგია.“-აღნიშნავს გიორგი ხერგიანი.
„ნაირნაირი“ თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოვებაში მონაწილეობს. კომპანია წლის სტარტაპის ნომინაციაზეა წარდგენილი.
„ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სტარტაპების წახალისება და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ზურგს „თიბისის“ დონის ფინანსური ინსტიტუტი გიმაგრებს, სამომავლო გეგმებზე საუბარიც უფრო ოპტიმისტურია. მით უმეტეს, როცა ნაირნაირი თასმების დიდოსტატი ხარ, უნდა გჯეროდეს, რომ წინ დიდი გზაა და მიზნების განხორციელება ძალიან რეალურია,“- ამბობს გიორგი ხერგიანი.
ქრისტინე გამთენაძე