ლევან იზორია ადასტურებს, რომ 2017 წელს სამინისტროში წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზარდა, თუმცა შემცირდა მივლინების და საწვავის ხარჯები

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ადასტურებს, რომ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროში წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზარდა, თუმცა შემცირდა მივლინების და საწვავის ხარჯები.ასე გამოეხმაურა ლევან იზორია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის ინფორმაციას. იზორია ირწმუნება, რომ 2018 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები საკმაოდ დაბალია.

„2017 წელს ჩვენ გვქონდა გარკვეული მატება წარმომადგენლობითი ხარჯების, რაც განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით. 2017 წელს ჩვენ ვმასპინძლობდით ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს, მხოლოდ ეს ღონისძება დაახლოებით 350 ათასი ლარი დაჯდა. გვქონდა ასევე ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, ასევე 2017 წელს გვქონდა უპრეცენდენტო რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტების, მათ შორის კოლეგა მინისტრების. თავდაცვის 10 მინისტრი ესტუმრა 2017 წელს საქართველოს. 2018 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები საკმაოდ დაბალია და ჩვენი წინასწარი მონაცემებით 700-800 ათასი ლარით ნაკლები იქნება. მე გადავხედე 2010 წლიდან პერიოდს წარმომადგენლობითი ხარჯების და რიგ შემთხვევაში ეს წარმომადგენლობითი ხარჯები 3 მილიონს აღემატება, რაც განპირობებულია ობიექტური დინამიკით, ეს განსაკუთრებით ჩვენს საერთაშორისო აქტიურობას უკავშირდება. გარდა ამისა, გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომია მივლინების ხარჯებში და საწვავის ხარჯვის ნაწილში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.