პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით 1,9 მლრდ ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადება ეკატერინე მიქაბაძემ 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირების პასუხად გააკეთა.
„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით 1,9 მლრდ ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დააანონსა და ბიუჯეტშია გათვალისწინებული 2019-2020 წლებში საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20 ლარით.
მისი თქმით, მეტიც, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.