„რეზონანსი" - რამდენიმე დღეში ავტოგაზი 5-10 თეთრით გაძვირდება

ავტოგაზი უახლოეს დღეებში 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდება, თუმცა თხევადი აირის ფასი გეზს კლებისკენ აიღებს.გაზგასამართ კომპანიებში აცხადებენ, რომ დისტრიბუტორები ფასს ზრდიან, რის გამოც ისინი საწვავზე ფასების კორექტირებას გეგმავენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიზეზად იმპორტიორები ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ და ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში ფასების შენარჩუნება შეუძლებელია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში სავალუტო კრიზისის გამო კომპანიებში გაძვირებას იმ არგუმენტით ხსნიან, რომ თვითღირებულების ხარჯი გაეზარდათ, თანაც ბენზინის ფასმაც მოიმატა. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის რეალიზატორები ნელ-ნელა იწყებენ გაძვირებას. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი დაჩქარდეს.

მსგავსი ცვლილება ყოველთვის შესამჩნევია, როცა ბენზინის ფასი მატულობს, რის პარალელურადაც ავტოგაზიც ძვირდება. მით უმეტეს, ახლა კომპანიებში საამისოდ საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვთ - ლარი დღითი დღე უფასურდება, ხოლო ბენზინის ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს – 1 კუბ/მ გაზისა და 1 ლ ბენზინს შორის სხვაობა 1 ლარს აღწევს.

ამ ეტაპზე 1 კუბ/მ გაზი 1,45-1,50 ლარი ღირს, თხევადი გაზიც (ელპიჯი) - ზუსტად ამდენივე. ზოგიერთ კომპანიაში მისი ღირებულება გაცილებით დაბალია და მომხმარებელს თხევადი გაზის შეძენა 10-12 თეთრით ნაკლებ ფასშიც შეუძლია.

ეს მხოლოდ გამონაკლისია. საფასო დინამიკა უმეტესწილად ზრდისკენ არის მიმართული. ავტოგაზგასამართ სადგურებში აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირება მასიურად მოუწევთ… მართალია, ზოგიერთ კომპანიაში შესაძლო გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ ცვლილება გარდაუვალია. გაზგასამართ სადგურებში შიშობენ, რომ ფასის ზრდა გაზის რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

კომპანია NILES GROUP-ის რეგიონულმა მენეჯერმა იური ჯიბუტმა „რეზონანსს" განუცხადა, რომ მოსალოდნელია ავტოგაზის გაძვირება, რადგან ლარის დევალვაციის პროცესი გრძელდება და თვითღირებულების ხარჯიც მატულობს.

„კურსის გამო ბაზარზე არასტაბილურობის განცდაა. ბენზინის ფასმაც მოიმატა და ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეუქცევადი გახდა მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასი შემცირებულია. მაღალი კურსის გამო საწვავის გაიაფება ვერ ხერხდება და ჩვენს ბაზარზეც დაახლოებით ეს რეალობაა. არსებულ ფასს დიდხანს ვერ შევინარჩუნებთ. ველოდები, რომ მალე მოგვიწევს ავტოგაზის გაძვირება, რადგან პროდუქტს ჩვენ უცხოელი პარტნიორებისგან ვყიდულობთ და მთლიანად სავალუტო კურსზე ვართ დამოკიდებული. ძირითადი მომწოდებლები აზერბაიჯანი და ყაზახეთი არიან.

საზოგადოების უკმაყოფილებას ვერიდებით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი შევიკავოთ, მაგრამ ასე გაგრძელებაც უკვე შეუძლებელია. ბენზინი ცოტათი მაინც თუ გაიაფდება, შესაძლოა, აქაც შევინარჩუნოთ ფასი, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა, მით უმეტეს, თუკი ლარის კურსის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება", - ამბობს ჯიბუტი.

ავტოგაზის შესაძლო გაძვირებაზე განუცხადეს „რეზონანსს" „გოუგაზშიც". კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დისტრიბუტორებს პროდუქცია გაზრდილ ფასში შემოაქვთ, რის გამოც საფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

„ჯერ არ დაგვიანგარიშებია, რამდენით შეიძლება გავზარდოთ ფასი, მაგრამ ცვლილება მოსალოდნელია. დისტრიბუტორებსაც პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოაქვთ. ლარის კურსმა სხვა არჩევანი არ დატოვა. მომწოდებლებზე ვართ დამოკიდებული და ადეკვატური ზომების მიღება მოგვიწევს", - აცხადებენ კომპანიაში.

წყალსაცავის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სადგურის თანამშრომელ როლანდ სოხაძის ინფორმაციით, გაზის გაძვირება მოუწევთ, რადგან შესასყიდი ღირებულება გაიზარდა.

„კურსის გამო სერიზული პრობლემა გვაქვს. ამ მაჩვენებელზე ლარის გაუფასურებას არავინ ელოდა, ბაზარზე გაურკვევლობაა. სანამ შეგვიძლია, არსებული ფასის შენარჩუნებას შევეცდებით, მაგრამ ლარის გაუფასურების პარალელურად ესეც არ იქნება ადვილი. თვითღირებულების ხარჯი გაგვეზარდა. სხვა კომპანიებში რა ხდება, არ ვიცი, ფაქტია, რომ გაძვირება არავის უნდა, რეალიზაციაზეც მოქმედებს და ბიზნესისთვის ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება რთულად მისაღებია.

ჩვენც ძვირად გვიწევს შესყიდვა. კურსმა საფასო პოლიტიკა ყირაზე დააყენა. ველოდებით, რომ ავტოგაზი, სულ მცირე, 5 თეთრით გაძვირდება. ვშიშობ, რომ ეს რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს", - აღნიშნა სოხაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება თხევად გაზს, იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ ფასი 1 თვის განმავლობაში ორჯერ დაკორექტირდა და 5 თეთრით შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ბიზნესის „კეთილი ნება" აღმოჩნდა. „ჯორჯია გაზ იმპორტში" ახლახან თხევადი გაზის ფასი 3 თეთრით შეამცირეს და დღეიდან 2-თეთრიანი კლებაც მოაყოლეს.

„ჯორჯია გაზ იმპორტის" ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია აღნიშნავს, რომ საწვავის გაიაფების რესურსი არის, მაგრამ ფასი მაინც არაადეკვატურად მატულობს.

„ბოლო 1 თვის განმავლობაში ფასი ორჯერ შევამცირეთ. 1 თვის წინ თხევადი გაზი ჩვენს ქსელში 1,35 ლარი ღირდა და 1,31-მდე დავწიეთ, დღეიდან კი კიდევ 2 თეთრით გავაიაფეთ. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ არ შეიძლება ლარის კურსით ბოროტად სარგებლობა, რაც მომხმარებელს და ქვეყანასაც დააზარალებს.

მესმის, ლარი უფასურდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გააძვირონ. საწვავის ბაზარზე არსებული რესურსი არა მარტო ფასის შენარჩუნების, არამედ კლების შესაძლებობასაც იძლევა. ასე რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს გავხდებოდით. ეს არის მხოლოდ კომერციული ინტერესი. არავის დაუძალებია ჩვენთვის კორექტირება კლების მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ეს საშუალება გამოვნახეთ", - განუცხადა „რეზონანსს" ნიკა ხოფერიამ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"