საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა, ერთი დოლარი კი 2,71 ლარი გახდა, რაც 4 თეთრით ნაკლებია გუშინ დადგენილ ოფიციალურ კურსთან შედარებით.
2018 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 112 500 000 დოლარი ამოიღო. ამ დროს კი ლარი დოლარის მიმართ თითქმის 31 პუნქტით, 2,40 ლარიდან 2,71 ლარამდე გაუფასურდა.
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს. თუმცა დღეს სებ-მა ბაზრიდან დოლარი მაშინ ამოიღო, როცა წინა დღეებში მკვეთრად გაუფასურებულმა ლარმა მცირედით გამყარება დაიწყო.
ეროვნული ბანკის ასეთ ქმედებას ფინანსისტები აკრიტიკებენ. ირაკლი ბერძენაძის თქმით, ეროვნული ბანკი უკვე აშკარად ეკონომიკის მუხრუჭია, რადგან როცა ვალუტა ასე სერიოზულად უფასურდება ქვეყანაში, იმის ნაცვლად, რომ ეროვნულმა ბანკმა მიაწოდოს დოლარი ქვეყანას, ის გამოდის და დგამს ისეთ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო გააუფასურებს ვალუტას.
„ერთი მხრივ, მესმის ეროვნული ბანკის იმ კუთხით, რომ მან უნდა უზრნველყოს რეზერვის დაცულობა, რადგან ქვეყანას აქვს საგარეო ვალდებულებები, კრედიტორები სთხოვენ, რომ ჰქონდეს რეზერვი, მაგრამ მეორე მომენტია, რომ როცა კურსი არის 2.78 და ამ დროს ეროვნული ბანკი აცლის ეკონომიკას 10 მილიონ დოლარს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის. რეალურად, კურსს გამყარებისთვის არ სჭირდება 100 მილიონი, სულ რაღაც 25 მილიონია საკმარისი. ეროვნული ბანკი არის აგონიაში და გადასულია მხოლოდ თავისი რეზერვების დაცულობაზე“, - განაცხადა ბერძენაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდია, რომ მთავრობა არის იმდენად დაბრმავებული, ან არაპროფესიონალი, რომ ამ ყველაფერს ვერ ან არ ხედავს.
„მოდის დეკემბერი, საახალწლო პერიოდი, როცა ფულადი რესურსების ხარჯვა გაცილებით იზრდება. აქ უკვე ვერც ინფლაციას დაიჭერენ და ვერც სავალუტო კურსს. ეროვნულმა ბანკმა გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კურსის სტაბილიზაციასთან და მაინტერესებს რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. აშკარაა, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი დოლარის რეზერვი და უკვე ყველაფერზე მიდის. ეს უკვე არასწორი მეთოდია და ამით ქვეყანას ეკონომიკური უსაფრთხოების რისკი უდგება. ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ინფლაციამ დაიწიოს, მაგრამ საერთო ჯამში ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის მოძველებული, გამოიწვევს უმართავ პროცესებს და იმოქმედებს ინფლაციაზეც“, - აღნიშნა ექსპერტმა.
სებ-ის დღევანდელ ინტერვენციას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაიაც ნეგატიურად აფასებს. „ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს ძალიან უარყოფითად ვაფასებ. ეს არ იყო ხელსაყრელი პერიოდი იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსება დაეწყო. გასაგებია, რომ დაახლოებით 59 მილიონ დოლარამდე რეზერვი აქვთ დახარჯული ამ წელს და ამ თანხის დაბრუნება სურთ. გასაგებია, რომ გუშინ ლარის გაუფასურების მყისიერი ტრენდი შეწყდა, მაგრამ ეს არ აძლევს ეროვნულ ბანკს საფუძველს, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედება განახორციელოს დროის ამ მომენტში. მას შეუძლია ეს სხვა დროსაც გააკეთოს, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეისთვის ჩვენ საკმარისი რაოდენობის რეზერვები გვაქვს და სიტუაცია საგანგაშო არ არის“, - განაცხადა ცომაიამ.
ექსპერტის თქმით, მოცემულ მომენტში ასეთი ქმედების განხორციელების აუცილებლობა არ იყო და, მეტიც, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა.
„ეროვნული ბანკი არის საკმაოდ მჭიდრო კავშირში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და, შესაძლოა, სავალუტო ფონდმა მისცა მინიშნება, რომ ეროვნულ ბანკს აქვს კიდევ დამატებით შესავსები ეს რეზერვები. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ მიზანმიმართულად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეროვნული ბანკი ამას არ გააკეთებდა. თუმცა ასეთ მინიშნებაზე ასეთი მყისიერი მოქმედება, ჩემი აზრით, არარაციონალურია“, - აღნიშნა ცომაიამ.