სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასს“ აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის დარღვევის გამო, სს „თელასს“ აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომაზე განიხილა შპს ,,გრანდვან ქონსთრაქშენსა“ და სს „თელასს“ შორის არსებული დავა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე. შპს ,,გრანდვან ქონსთრაქშენმა“ 2018 წლის 27 მარტს მიმართა სს „თელასს“ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ განაცხადით და სრულად გადაიხადა მიერთების საფასური. კომპანიამ მიიღო განაცხადი და იკისრა მასში მოცემული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. თუმცა, სს „თელასის“ მიერ ორჯერ დაფიქსირდა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„იქიდან გამომდინარე, რომ სს „თელასის“ მიერ ორჯერ დაირღვა მიერთების ვადა, სემეკის გადაწყვეტილებით, მიერთების საფასური განულდა და სს „თელასს“ დაევალა , შპს „გრანდვან ქონსთრაქშენს“ უკან დაუბრუნოს მიერთების საფასურის ნახევარი - 6000 ლარი, ხოლო მეორე ნახევარი (6000 ლარი) გადაუხადოს კომპენსაციის სახით და განათავსოს მის სააბონენტო ბარათზე, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის.

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სტანდარტები განსაზღვრულია სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“. სტანდარტების შესრულება გამანაწილებელი კომპანიისათვის სავალდებულოა“, - ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.