სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო აღიჭურვება რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. კოოპერატივს ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016
წლიდან საქმიანობს და 19 ადგილობრივს აერთიანებს.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ ასევე ჩართულია „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში. კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 302 ჰა სათიბ-საძოვარი და საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 10 ახალი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდება .