"დაუკრეფავ ვაშლის ბაღს რომ დავინახავ, გულით ვნატრობ, რამდენი მანქანა დადის, გააჩერონ, დაკრიფონ და შვილებს წაუღონ-მეთქი"
ახლა შემოდგომის ის პერიოდია, როცა მოსავალი დაბინავებული უნდა იყოს და მეურნეც მოსვენებული. თუმცა ჩვენში კარგა ხანია ასე აღარ არის. რაც უნდა გასაკვირი იყოს, წლეულს პრობლემები უხვმოსავლიანობამ შექმნა და მეურნეს კიდევ მეტი თავსატეხი გაუჩინა. განსაკუთრებით ქართლის რეგიონში, რომელიც ტრადიციულად ვაშლის ზონაა. როგორც ქარელის მუნიციპალიტეტში ამბობენ, ამ მხრივ "ვაის გაეყარნენ და უის შეეყარნენ" - ვაშლის მოსავლის დაბინავება უხვმოსავლიანობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა და მოსახლეობის ნაწილმა ბაღები დაუკრეფავი დატოვა. ვისაც დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ ტრასაზე ქარელის მუნიციპალიტეტის ზონაში ჩაუვლია, მაგალითად, სოფელ ებნისის მიმდებარედ, დაინახავს, ტრასის ორივე მხარეს ბაღებში მოუკრეფავად დარჩენილი ვაშლი ხეებზევე რომ ლპება.
ენვერ კუთხაშვილი, მეურნე:
- ვინც წაიკითხავს, ხალხმა ვაშლის ბაღები დაუკრეფავი დატოვაო, ზოგიერთი გაგვლანძღავს, - ზარმაცები ვართ ქართველებიო, ზოგი ამას სახელმწიფოს დააბრალებს, უხვი მოსავალი რატომ მოვიდაო. ვაბრალებ და შემომედავოს, ვისაც უნდა, მაგრამ სახელმწიფოს იმას კი არ ვაბრალებ, რომ მოსავალი მოვიდა, იმას ვაბრალებ, რომ მოსავლის მოსვლას მოუმზადებელი შეხვდა და წვრილი ფერმერებისა თუ გლეხობისთვის თითი თითზე არ დაუკარებია. არაფერს ვერჩი სოფლის მეურნეობის გრანტებს, რაც უფრო მეტი კაცი დადგება ფეხზე, მით უკეთესი, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას, დამოუკიდებელი და მუხლჩაუხრელი შრომით 20-30 ტონა ვაშლი რომ მოიწია და იმ ხარჯებსაც ვერ ინაზღაურებს, რაც გასწია?! ჩვეულებრივ 1 ყუთში, რომელშიც 25-30 კგ ვაშლი ჩადის, კლიენტი რომ მხოლოდ 1 ან 2 ლარს გადაგიხდის და ამ დროს თავად ყუთი 5 ლარი ღირს, რა მოგებაზე შეიძლება ლაპარაკი? ან რომელი ჭკუათამყოფელი გადაიხდის ყუთში 5 ლარს, როცა მასში ჩაყრილ 25-30 კილოგრამ ვაშლში 1-2 ლარს აძლევენ?! რაც შეეხება უფრო მსხვილსა და ახალი ჯიშების ვაშლს, 1 კგ-ში 30-დან 60 თეთრამდე იხდიან, მაგრამ ეს ჯიშები ყველას როდი აქვს. ინტენსიური ბაღები თითო-ოროლა კაცმა სახელმწიფოს დაფინანსებით გააშენა, რაც, ცხადია, ყველას არ აქვს, და მეორე, არც ადგილობრივი ჯიშის ვაშლი გვაქვს უხარისხო, მაგრამ კლიენტი იმასთან კი არ წავა, ვინც ჩემსავით 20 ტონა ვაშლი მოიწია, არამედ იმ ფერმერთან მიდის, ვინც 500-1000 ტონა მოიყვანა. ელემენტარული მათემატიკაა - ფერმერი, რომელსაც დიდძალი ვაშლი აქვს, მოგებას მაინც ნახავს, ამიტომ ფასსაც ადვილად აკლებს, წვრილმა მეურნემ კი რაღა დააკლოს, რაც არაფერი რჩება?! გარდა ამისა, ჩვენ რომ ვაშლის მოსავალში "ვიხრჩობით", მაგრამ ქართული ვაშლი "სულს ღაფავს". თურქეთიდან თურქული ვაშლი ისევ შემოდის. თურქეთი პროდუქციის სახელმწიფოდან გატანას ახალისებს. სამაგიეროდ, ჩვენს ფერმერებს ატყავებენ საზღვრებს გარეთ პროდუქციის გატანისას, დაწყებული ფიტოსანიტარიული გადასახადით და დამთავრებული საბაჟო გადასახადით, ყველაფერს კატასტროფული ფასები ადევს. ამიტომაც ჩვენი მოსავალი მხოლოდ უცხოელ გადამზიდავებს გადააქვთ და იმ მიზერულ ფასად, რომ არც მოკვდე და არც მორჩე.- რამდენადაც ვიცი, ქართლის ზონაში რამდენიმე თანამედროვე მაცივარი გაკეთდა ხილის შესანახად.
- მაცივრები კერძო პირებმა ააშენეს სახელმწიფო დაფინანსებით და თავიანთ ვაშლს ინახავენ, ზოგსაც ყიდულობენ. ვიმეორებ - ღმერთმა ხელი მოუმართოთ და მოგებაც ნახონ, მაგრამ მხოლოდ ეს თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ხომ არ არის მთელი საქართველო, დანარჩენები ხომ გულგატეხილი ვართ?! მხოლოდ ერთეულების გრანტებით დაფინანსება ქვეყანას გაჭირვებიდან ვერ ამოიყვანს, დანარჩენებს ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა შეაშველოს ხელი.იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 12 ნოემბრის ნომერში