ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კმ6-კმ15 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაცნენ, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ხდება გზის საფარის განახლება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება: 10 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაცია; ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის კუთვნილებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 ხიდს; ასევე, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ გზის პროექტირება/მშენებლობა პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, თვალამრიდების, ბეტონის კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ლითონის ბადეების მოწყობა.

სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 8 562 700 ლარია. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 15 ნოემბერს დასრულდება.