"მადამ ტიუსო თავად მიდიოდა გილიოტინასთან, რათა მოკვეთილი თავებისთვის თმა შეეჭრა და თოჯინებისთვის მიემაგრებინა"
ათასწლეულების მანძილზე შემონახული პატარ-პატარა სკულპტურები დასაბამიდან მოსდევს ადამიანის არსებობას. მართალია, დანამდვილებით არავინ იცის, რა ფუნქციებს აკისრებდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები ამ თოჯინებს, მაგრამ ცხადია, ისინი სჭირდებოდათ. დროთა განმავლობაში თოჯინები იცვლებოდნენ და იხვეწებოდნენ. ყველაზე მეტად ისინი ბავშვების სამყაროში გაბატონდნენ, მაგრამ უფროსებსაც სიამოვნებას ანიჭებენ. ზოგიერთი თოჯინებში უზარმაზარ ფულსაც იხდის. არსებობს მილიონობით დოლარად Kშეფასებული თოჯინებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, სასახლეებიც, სადაც მხოლოდ თოჯინები "ცხოვრობენ". ზოგიერთი კოლექციონერი საყვარელ თოჯინებს "ავ თვალს" არიდებს და მათთან არავის უშვებს.
არ დაიჯერებთ და, "მეთოჯინეთა საზოგადოება" ჩვენშიც შეიქმნა და მათი თოჯინები, სულ მცირე, 1000 ევროდ იყიდება. ამ საზოგადოების დამაარსებლების, მაია ალადაშვილისა და იულია სოროკინას თქმით, ჩვენებური თოჯინები უკვე ხშირად გადიან საერთაშორისო ფესტივალებზე. ფაქტი ჯიუტია - თოჯინების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ოცი უძვირესი თოჯინა გაიყიდა, მათ შორის, ქართულიც.
იულია სოროკინა: - თბილისში თოჯინების ორი საერთაშორისო ფესტივალი ჩავატარეთ და ორივეჯერ იმდენი ხალხი მოვიდა, სუნთქვა ჭირდა. უცხოეთიდანაც ფანტასტიკური მეთოჯინეები ჩამოვიდნენ.
- წარმომიდგენია, რა დატრიალდებოდა, როცა ამდენ ულამაზეს თოჯინას ამოალაგებდით ყუთებიდან. ასეთი რა ანდამატი აქვთ, რომ ადამიანს ასე იზიდავენ?
- თოჯინა თითქოს ადამიანის ორეულია და ყველა ადამიანურ განცდას გამოხატავს. ბევრმა არ იცის, თავდაპირველად რატომ შეიქმნა ვუდუს თოჯინები. ისინი ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად იქმნებოდა მაშინ, როდესაც წამალი არ არსებობდა. როცა ადამიანი ავად ხდებოდა, მისი ახლობლები აკეთებდნენ მის ორეულ თოჯინას, რომელსაც ჩაუთქვამდნენ, რომ მასზე გადასულიყო დაავადება და სჯეროდათ, რომ ასეც მოხდებოდა.ბევრი თოჯინა სიყვარულის სადიდებლად, სამახსოვროდ შეიქმნა. ცნობილი მადამ ტიუსოს მუზეუმის პირველი ცვილის თოჯინა სწორედ სიყვარულმა შექმნა - საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ მას საყვარელი ქალის, მარი-ჟანა დიუბარის ფიგურის შექმნა დაავალა. თუმცა მოგვიანებით ტიუსოს არცთუ სასიამოვნო თოჯინების შექმნა მოუხდა - მას გილიოტინაზე თავმოკვეთილი რევოლუციის ლიდერების ცვილის ფიგურები შეუკვეთეს. თურმე ტიუსო თავად მიდიოდა გილიოტინასთან, რათა მოკვეთილი თავებისთვის თმა შეეჭრა და თოჯინებისთვის მიემაგრებინა.
- მე შემძრა თქვენმა "შავმა პატარძალმა", რომელსაც ხელში ყვითელი ჩიტი უჭირავს.
- "შავი პატარძალი" ლიტვის ფესტივალისთვის დავამზადე. ლიტველებმა რამდენიმე მისტიკური ამბავი მიამბეს, მე კი კედელში ჩაშენებული გოგონას თემა ავირჩიე, ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ ჩააშენა კედელში დიდმა პანმა ვაჟის საცოლე, რომელიც რძლად სიღატაკის გამო არ უნდოდა. რაკი ვაჟს გოგონა თავდავიწყებით უყვარდა, მამამ შვილი მოატყუა, მოიყვანე სასახლეში, შენ კი მისი საპატარძლო კაბისთვის ქალაქში გაემგზავრეო. გახარებული ვაჟი გაემგზავრა, მაგრამ შვილის შინ დაბრუნებამდე მამამ გოგონა კედელში ჩააშენა. ჩემთვის მის ხელებში გამომწყვდეული ყვითელი ჩიტი ის უკანასკნელი იმედია, რომელიც, ალბათ, მაშინაც ჰქონდა, როცა კედელში აშენებდნენ და ეგონა, საქმრო მიუსწრებდა და გადაარჩენდა.- თბილისის ფესტივალზეც იყო ასეთი მისტიკური თოჯინები?
- რასაკვირველია, ჩეხი მეთოჯინეს "ოფელიას" დანახვაზე გულისმომკვლელ სევდას იგრძნობდი.- მითხარით, რომ თოჯინები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, კარგად იყიდება.
- ასეა. ფესტივალებზე წარმოდგენილი თოჯინების ფასი დაახლოებით 1000 ევროდან იწყება. თბილისის ფესტივალზეც ასეთი ოცი თოჯინა გაიყიდა. სხვათა შორის, თუ თოჯინამ სამი ფესტივალი მაინც მოიარა და არ გაიყიდა, მისი კიდევ გამოფენა დიდ უხერხულობად ითვლება. თბილისში ჩამოსვლაზე რამდენიმე სახელგანთქმულმა მეთოჯინემ მხოლოდ იმიტომ გვითხრა უარი, რომ ახალი თოჯინა არ ჰყავდათ.თოჯინებზე კოლექციონერებიც ნადირობენ. მე მყავს კოლექციონერი, რომელიც თოჯინას ხელიდან ხელში არაფრით არ იყიდის, აუცილებლად ფესტივალზე მიჰყვება. იქ სხვა თოჯინებს დაათვალიერებს და რომ დარწმუნდება, შენი თოჯინას ყიდვა ღირს, მაშინ იყიდის. ზოგიერთი თოჯინების კოლექციისთვის სახლს აშენებს, სადაც არავის ახედებს, მხოლოდ თვითონ ათვალიერებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უცნობილესი თოჯინების კოლექციონერი ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მურია, თოჯინების კოლექციისთვის მან სპეციალურად სახლი იყიდა.
- გულწრფელად მიკვირს ამდენი ძვირად ღირებული თოჯინას ერთ დღეში გაყიდვა.
- არადა, გაიყიდა. საოცრება ხდებოდა. ჩვენი სახსრებით მხოლოდ რამდენიმე მეთოჯინეს დაპატიჟება შევძელით, დანარჩენები კი ოღონდ თბილისის ფესტივალზე მოხვედრილიყვნენ, საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ. ჩვენ სტუმრად გვყავდა მსოფლიოში ცნობილი გერმანელი კოლექციონერი, რომლის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, ძალიან მოეწონა თბილისი, ხალხი, ჩვენი ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო. გვითხრა, იმ რესტორნებში ნუ შემიყვანთ, სადაც ხელთათმანებით მოგვართმევენ სადილსო. თონეში წავიყვანეთ. ვეღარ მოშორდა იქაურობას, მეთონეებმა თონეში შოთი და ხაჭაპური ჩააკვრევინეს და აღფრთოვანებული იყო, აუცილებლად ჩამოვიყვან ბლოგერებს და საქართველოს უფრო კარგად გავიცნობო.იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 12 ნოემბრის ნომერში