გიორგი კვირიკაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება არის შანსი, რომ ჩვენი ეკონომიკა ევროპული ეკონომიკის სერიოზული მოთამაშე გახდეს

ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მძიმე მუშაობა მოგვიწევს, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება, საქართველოს ეკონომიკისთვის მიცემული უდიდესი შანსია, რაც განსაკუთრებით ქართველ მეწარმეებს მიეცათ.

"მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ის დიდი წარმატება და უდიდესი შანსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეძლევა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით. მინდა ასევე განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ქართველ მეწარმეებს, ვინაიდან ესაა შანსი, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდეს ევროპული ეკონომიკის სერიოზული მონაწილე და მოთამაშე. ეს არის ძალიან გრძელი გზა ქვეყნის მოდერნიზაციის და რეფორმების, ამავე დროს, ეს გზა არის პასუხისმგებლობით სავსე და ის იძლევა უდიდეს შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ანუ თვითონ მოგვიწევს წლების განმავლობაში ძალიან მძიმე მუშაობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.