„რეზონანსი" - სეპარატისტები ამ ზამთარს საქართველოს ენგურჰესის გარეშე დატოვებენ

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი კვლავ გაურკვეველია.

ოკუპირებულ რეგიონს მიაქვს იაფი დენის ლამის მთელი მარაგი და დანარჩენი საქართველო მოიხმარს ძვირ ელექტროენერგიას, რისი წილიც მომდევნო წლებში მუდმივად გაიზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სეპარატისტებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენიც არ ჰყოფნით. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, საქართველოს მთავრობა აფხაზეთის დენით მომარაგებას სხვა ელექტროსადგურებიდან გააგრძელებს, რაც სრული აბსურდი და უაზრობაა.

აფხაზები ჩვენგან წაღებული ელექტროენერგიის დიდ ნაწილს „ბიტკოინის" გამომუშავების პროცესში ხარჯავენ, რის გამოც იქ დენზე მოთხოვნა დიდია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უფასო ელექტროენერგიის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგფერმები სოკოებივით მომრავლდა. ამიტომ სეპარატისტებს მადა გაეხსნათ და დენი კიდევ შეიძლება მოითხოვონ, რაც საქართველოს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. ფაქტია, რომ საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება იმპორტზე და ენერგოსექტორში ვითარება თანდათან მძიმდება.

სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ აფხაზეთთან მიმართებით ენერგეტიკული პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს და ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხისადმი მიდგომა უცვლელია. წლევანდელ ზამთარშიც ოკუპირებული რეგიონის მომარაგების პროცესი გაგრძელდება იმ რეჟიმით, როგორც აქამდე ხდებოდა.

„დენის მომარაგების პრინციპი არ შეცვლილა. აბსოლუტურად არანაირი წინსვლა ან უკუსვლა არ არის. შარშან აფხაზეთმა 1,3 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა და წელსაც ამ მაჩვენებელზე გავა. ეს არის ენგურის გამომუშავების 55-56%, ხოლო ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ერთად – 50%. ვითარება, ფაქტობრივად, არ იცვლება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩვენ გვირაბს არ გავაჩერებთ, რეაბილიტაციას არ დავიწყებთ და დენის მიწოდებასაც ამ რეჟიმში გავაგრძელებთ, მაგრამ შემდეგ უკვე სამუშაო პროცესშიც, ბუნებრივია, მოგვიწევს აფხაზეთისთვის გარკვეული ელექტროენერგიის გადანახვა უკვე არა ენგურიდან, არამედ სხვა სადგურებიდან. ცხადია, მიდგომა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი კეთდება და ქვეყანა აფხაზეთის ელექტრომომარაგების მექანიზმს არ ცვლის", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" არაბიძე.

რა ზომებს მიიღებს ქვეყანა, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას გაცნობიერებული აქვს პრობლემის სიმწვავე და ეძებს გამოსავალს. ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება. ამაზე აქტიურად საუბრობდნენ წინა წლებშიც, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა.

საუბარია იმაზეც, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით და ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად დე ფაქტო ტერიტორიამ წაიღოს, ზაფხულში კი - გაიყოს.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი, ხოლო ერთ-ერთი გამოსავალი გამრიცხველიანებაა.

„ენგურჰესის სადგური მდებარეობს ენგურს გაღმა – საბერიოში და ჩვენს დისპეტჩერს მასზე წვდომა არა აქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით, ზამთარში კი ენგურჰესი, ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, ეს არის რეალობა.

ახლა აფხაზეთს იმაზე მეტი დენი მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული, ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი უნდა დაიწყოს, რაც რეგიონში მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მოხმარების მოსათოკად. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. ამის შემდეგ დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40-60%-ში, რისი პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო", - ამბობს არველაძე.

ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ენერგეტიკოსი ბაჩანა ფიფია, რომლის განცხადებითაც, საკითხის დასარეგულირებლად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოინახოს, რაც ჩვენს ქვეყანას ამ უაზრო ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

„ოკუპირებული რეგიონი ენგურჰესი-ვარდნილჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. ე. წ. შეთანხმებით, აფხაზეთის რეგიონს უნდა მოხმარებოდა ენგური-ვარდნილის გენერაციის 40%, ხოლო 60% - საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას. ეს შეთანხმება, უკვე რამდენიმე წელია, ირღვევა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიას თითქმის სრულად მოიხმარს (წლიურ ჭრილში, 2017 წლის მონაცემებით, ენგურჰესი-ვარდნილჰესის გენერაციის დაახლოებით 47% წაიღო აფხაზეთმა).

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურს სეპარატისტები არ იხდიან, ანუ ენგურჰესი დენს სრულიად უფასოდ აწვდის რეგიონს, რაც საწარმოს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც ის თავისი მისაღები შემოსავლის თითქმის ნახევარს კარგავს

აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. დღეს ამ კუთხით რეგიონში უკონტროლო სიტუაციაა: მოუწესრიგებელი და უკნტროლოა ელექტროენერგიის მოხმარების საკითხი. არ არსებობს აღრიცხვა, ანუ სისტემა მოშლილია. არაერთხელ ითქვა, რომ ეტაპობრივად დაიწყებოდა ოკუპირებულ რეგიონში ამ საკითხების მოგვარება ქართული მხარის ჩართვით, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ამიტომ საქართველოს მთავრობამ სხვა გზა უნდა გამონახოს სკითხის გადასაჭრელად, რადგანაც არსებული მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა როგორც საქართველოსთვის, ისე ოკუპირებული ტერიტორიისთვისაც", _ ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ენერგეტიკოსი.

სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა დაუშვებლად მიაჩნიათ აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებსაც. "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ეს პირობა კაბალურია მომხმარებლისთვის.

„ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის, აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენგან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე ისინი ამბობენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მიდგომა საქართველოს მთავრობის მხრიდან აშკარად შესაცვლელია", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" ცქიტიშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"