თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გახსნა.ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.
„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, 2019 წელს კომპანიაში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.