„მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 4.5%-იანი ეკონომიკურის ზრდის პროგნოზით.

„9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.9%-ს, განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5.0% იქნება. 2019 წელთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზდა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე და თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მომდევნო წლის შუა პერიოდში მზად ვართ, რომ დავაკორექტიროთ ბიუჯეტი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.