მეწარმეების მოლოდინი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით

კომპანიების 55% მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს და მზად არიან ევროკავშირის ბაზარზე აქტიურად გასვლისათვის.

მეწარმეების უმრავლესობა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ინვესტიციების გააქტიურებას და დანახარჯების ზრდას ელოდება, სახელმწიფოს მხრიდან კი დაფინანსების მოძიებაში მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ.

საქართველოში მოქმედი მეწარმეების 73 პროცენტი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პოზიტიურ შედეგებს ელოდება. კვლევის პროცესში გამოკითხული იქნა 44 საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პროფილის კომპანია. კვლევა 2014 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხული იქნა მცირე (38%) და მსხვილი კომპანიები (62%). მსხვილად მიჩნეულია კომპანია, რომლის ბრუნვაც აღემატება 1 მლნ ლარს წელიწადში.

გამოიკითხა კომპანიები შემდეგი სექტორებიდან. 1. უალკოჰოლო სასმელები – 23%; 2. კვების პროდუქტები (თაფლი, კონსერვები) – 25%; 3. ალკოჰოლური სასმელები - 17%; 4. პირველადი ფერმერული მეურნეობები (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, მწვანილი) – 10%; 5.ენერგეტიკული კომპანიები - 4%; 6. მძიმე ინდუსტრია – 4%; 7.მსუბუქი მრეწველობა – 9%; 8. ფარმაცევტული კომპანიები - 9%.

კომპანიების 55% მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს და მზად არიან ევროკავშირის ბაზარზე აქტიურად გასვლისათვის. 45% კი აღიარებს, რომ მათ ევროსტანდარტების დაკმაყოფილებამდე გარკვეული ცვლილებები და ახალი სტანდარტების დანერგვა, გადაიარაღება სჭირდებათ.

გამოკითხული კომპანიებიდან დადგინდა, რომ 57%-ს საკუთარი წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე უკვე გააქვს. ევროკავშირის ბაზარზე მომუშავე კომპანიების 23%-ის საქსპორტი გაყიდვებში ევროექსპორტის წილი 10–20%-ია; კომპანიების 40%-ში 20-40%; კომპანიების 17%-ში 40-60%, ევროექსპორტის წილი 60%-ს აღემატება გამოკითხული კომპანიების 10%-ში.

რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების 28%-ს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხოლოდ სარგებლის მიღების მოლოდინი აქვს, კომპანიების 45% უფრო ზომიერია შეფასებაში და მიიჩნევს, რომ უფრო მეტი სარგებელი იქნება, ვიდრე დანაკარგი, 21% -ის აზრით, დანაკარგი უფრო მეტი იქნება, მხოლოდ 6% უყურებს სკეპტიკურად და ფიქრობს, რომ ცალსახად დანაკარგებთან გვექნება საქმე.

კომპანიების 73%, რომელიც პოზიტიურად უყურებს ბიზნეს მდგომარეობას ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, ვარაუდობს, რომ ინვესტიციები გაიზრდება – 47% -ით, გაყიდვები და ექსპორტი გაიზრდება 34%-ით და პროდუქციის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება 29%-ით, სარგებელს არ ელოდება - 0%;

რაც შეეხება სკეპტიკურად განწყობილი 21%-ის მოლოდინებს, ისინი ფიქრობენ, რომ დანაკარგები იქნება შემდეგი მიმართულებით – დანახარჯები გაიზრდება – 40%-ით, ფასები გაიზრდება – 36%-ით, გაყიდვები შემცირდება - 24%-ით, დანაკარგებს არ ელოდება 0%.

რაც შეეხება მთავრობის მხრიდან მოქმედებებს, ბიზნეს კომპანიებს შემდეგი მოლოდინები აქვთ: 62% მიიჩნევს, რომ დაფინანსების მოძიებაში და იაფი რესურსის მოზიდვაში უნდა დაეხმაროს, 15% -ის აზრით, მნიშველოვანია სახელმწიფოს როლი მარკეტინგული აქტივობების კუთხით ევროკავშირის ბაზარზე, 12%–ის აზრით მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება მოხდეს რეგულაციების და სტანდარტების შესახებ, 11% კი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია თუ სახელმწიფო მათ სტანდარტების იმპლემენტაციაში დაეხმარება.

კვლევამ ასევე აჩვენა რომ მეწარმეების უმრავლესობა ელოდება ინვესტიციების და გაყიდვების ზრდას, ასევე კონკურენციის გაძლიერებას ადგილობრივ ბაზარზე. მთლიანობაში ასოცირების ხელშეკრულების მიმართ დამოკიდებულება და მოლოდინები პოზიტიურია და მეწარმეების აზრით, ეს არის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევა მათი საქმიანობისთვის.

კვლევა მომზადებულია ილიაუნის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტის - მაკა სამუშიას მიერ