„რეზონანსი" - საავადმყოფოები უპასუხისმგებლო ტურისტებისაგან თავს ვერ იცავენ

მზარდი ტურიზმის ფონზე სამედიცინო სფერო სრულად მოუმზადებელია.ეს ეხება როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულების ნაწილს, რის გამოც კლინიკები ზარალდებიან. ელემენტარულად, როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქართველოში შემოსულ ტურისტებს არ მოეთხოვებათ სამოგზაურო დაზღვევა და ადგილობრივ კლინიკებს უცხოელების მომსახურება ხშირად „უფასოდ" უწევთ.

მსგავს პრობლემას სამედიცინო დაწესებულებები ყველაზე მეტად ირანელი და რუსი დამსვენებლების მხრიდან აწყდებიან. იმის გამო, რომ სამოგზაურო დაზღვევის ვალდებულება არ არსებობს, ისინი სამედიცინო მომსახურებას არ ანაზღაურებენ.

ამ პრობლემის შესახებ „რეზონანსს" მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნიკა ჭელიძემ დაუდასტურა.

„სამოგზაურო დაზღვევა, წესით, სავალდებულო დაზღვევასთან უნდა იყოს მიბმული. როცა ადამიანი საზღვარზე შემოდის, მას უნდა ჰქონდეს დაზღვევა და ეს ვალდებულება უნდა არსებობდეს ქვეყანაში. კლინიკა სამართლებრივად და მორალურადაც ვალდებულია, რომ პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, მაგრამ მერე ვაწყდებით პრობლემას. პაციენტები არ იხდიან თანხას და სასამართლოსაც რომ მივმართოთ (ამ პროცესს, დიდი ალბათობით, მოვიგებთ), გადაწყვეტილება დარჩება აუსრულებელი, რადგან ტურისტი საქართველოს მოქალაქე არ არის.

თუ ვიზიტორი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდანაა, საქმე უფრო რთულადაა. რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს და ამ შემთხვევაში ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს? მესმის, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის და მისგან ამ პრობლემის მოგვარებას ვერც მოვითხოვთ, მაგრამ უნდა არსებობდეს დაზღვევა და საკანონმდებლო დონეზე საკითხის მოგვარება სავსებით შესაძლებელია.

ქართველები როცა გადიან ქვეყნიდან, სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, უბედური შემთხვევისაგან დაზღვეული არავინ არის და ელემენტარულად, შინაგანი კულტურაა, რომ დაზღვეული ვიყოთ, როცა სხვა ქვეყნებში ვმოგზაურობთ", - აცხადებს ნიკა ჭელიძე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სამედიცინო დაზღვევის ვალდებულება აქვთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ავტომობილებით (მძღოლსაც და მგზავრსაც) შემოდიან, თუმცა კანონი არ ვრცელდება უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარზე ფეხით გადმოდიან.

სამოგზაურო დაზღვევის ვალდებულების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. „რეზონანსთან" საუბრისას მან დაადასტურა, რომ კანონი გასამკაცრებელია, რათა ტურისტები იყვნენ დაცული და არც ადგილობრივი კლინიკები დაზარალდნენ.

„სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ იმ ვიზიტორებისთვისაც, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს დაზღვეული, რომ სხვა ქვეყანაში (ამ შემთხვევაში, საქართველოში) რისკის ქვეშ არ დადგეს.

ცალკე საკითხია ისიც, რომ კლინიკაც ზარალდება, როცა მისი მომსახურების ანაზღაურება არ ხდება. უნდა გადავხედოთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორ რეგულირდება ეს საკითხი სხვა ქვეყნებში და ჩვენც გადმოვიღოთ. ეს საიკითხი დიდ ყურადღებას საჭიროებს და ზომები ნამდვილად მისაღებია", - ამბობს ხუნდაძე.

პრობლემა ნაცნობია ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ამბობს, რომ დაზღვევის საკითხის დარეგულირება სამინისტროს კომპეტენცია არ არის. რაც შეეხება კლინიკებში ამ მხრივ არსებულ ვითარებას, პრობლემა კერძო ბიზნესმა დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოაგვაროს.

„ნებისმიერ ჩვენგანს, ვინც მიდის საზღვარგარეთ, აქვს სამოგზაურო დაზღვევა. ეს არის ნორმა. კლინიკას აქვს თავისი საქმიანობის სფერო, ზუსტად იცის, რომელი ტიპის ბენეფიციარი მიიღოს პროგრამის ფარგლებში, რომელი აუნაზღაურდება, შიდა სტანდარტითაც მუშაობენ და შეუძლიათ, მიიღონ არაპროგრამული ბენეფიციარიც, რომელიც ვერ ხვდება კონკრეტული პროგრამის ფარგლებში. რამდენად გადახდისუნარიანია, ქართველია თუ არაქართველი, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, კლინიკამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.

სამინისტროს აქვს გამონაკლისი პროგრამები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება. ეს არის ტუბერკულოზი, იმუნიზაცია, ნარკომანია და სხვა, მაგრამ აბსოლუტური უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად იციან კლინიკებმა და თავიანთი საქმიანობაც ამის შესაბამისად უნდა აწარმოონ. ჩვენ აქ ვერანაირად ვერ ჩავერევით", - განაცხადა ადამიამ.

რაც შეეხება C ჰეპატიტის უფასო პროგრამაში უცხო ეროვნების საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ჩართვას, რაზეც "რეზონანსი" ამ რამდენიმე დღის წინ წერდა, ადამია განმარტავს, რომ პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის უფლების მქონე ადამიანები სახელმწიფო პროგრამისაგან გამიჯნული არიან.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. მხოლოდ მათ შეუძლიათ მისით სარგებლობა. მიდგომა ამ შემთხვევაში არის ძალიან ფრთხილი, რადგან მედიკამენტის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, რაც პირდაპირ გვევალება პარტნიორ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმით.

თვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მიიღეს და წამოვიდნენ ამ დათმობაზე, თუმცა მიდგომა ამ შემთხვევაშიც ძალიან ფრთხილია, რადგან არსებობდა რისკი, არ მომხდარიყო მედიკამენტის გადინება ქვეყნიდან. რეალურად ბინადრობის უფლების მქონეც კი ვერ სარგებლობს ამ პროგრამით, თუკი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ან ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო მოწმობა არ აქვს", - განუცხადა „რეზონანსს" ეკა ადამიამ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"