ოქტომბერში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 99%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99%-ით მეტია(2017 წელი - 419 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა საერთაშორისო ვიზიტორები იყვნენ.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ნოემბრის თვის განრიგით, მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენები ნოემბერში კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს სრულდება. ნატახტარი-მესტიის ერთი გზის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - 63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ბილეთის ფასს, ზრდასრულებისთვის ის 50 ლარია, 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.