მთავრობა ნაოსნობის წესების დარღვევაზე სანქციების შემსუბუქებას გეგმავს

მთავრობა ნაოსნობის წესების დარღვევაზე სანქციების შემსუბუქებას გეგმავს.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით მიუხედავად გემის ტევადობისა, ძრავის მოცულობისა და სიგრძისა. თუმცა, მათ მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა დამოკიდებულია მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე, კერძოდ: რაც უფრო დიდია მცურავი საშუალების საერთო ტევადობა ან სიგრძე, მით უფრო დიდია მის მიერ მიყენებული ზიანი.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ჯარიმის ერთი და იგივე ოდენობით დაკისრება, გემის ტექნიკური მახასიათებლებისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინების გარეშე არ არის მიზანშეწონილი. კანონპროექტით, ნაოსნობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა გემის ტექნიკური მახასიათებლების (წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა) მიხედვით განისაზღვრება.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ზღვაში ნაოსნობის წესების დარღვევისას გათვალისწინებულ იქნას დამრღვევი მცურავი საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები (საერთო ტევადობა) და დაწესდეს სხვადასხვა საჯარიმო სანქციები. მინიმალურ ტონაჟობად განისაზღვრა 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემი, რომლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1 000 ლარის ოდენობით; 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა - 2000 ლარით; 300-დან 500 ტონამდე გემის პასუხისმგებლობა - 5000 ლარით; 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა - 10 000 ლარის ოდენობით; 3000-დან 5000 ტონამდე ტევადობის გემის 15 000 ლარით; 5000-დან 8000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის 20 000 ლარით; 8000-დან 10000 ტონამდე ტევადობის გემის პასუხისმგებლობა 30 000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალურ პასუხისმგებლობად დადგენილ იქნა 50 000 ლარი 10 000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემის მიერ ნაოსნობის წესების დარღვევისთვის.

ცვლილებით მოხდება დიფერენცირება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევაზე გატვალისწინებული ჯარიმების ოდენობაც. კერძოდ, მოქმედი რედაქციიტ სანქციის ოდენობა 500 ლარია. ცვლილების პროექტში მცურავი საშუალებების სიგრძის მიხედვით, საჯარიმო სანქციები შემცირებული და დიფერენცირებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის დროს შედეგი განსხვავებულია. კერძოდ, გემების მინიმალური სიგრძე დგინდება 15 მეტრამდე, ხოლო მაქსიმალური 30 მეტრის ზევით და შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა მათი სიგრძის მიხედვით განისაზღვრა 200 ლარიდან 500 ლარამდე,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი გულისხმობს ასევე, ჯარიმების დიფერენცირებასა და შემცირებას, ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესებისა და ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის წესების დარღვევაზე.

ცნობისთვის, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ნაოსნობის წესების დაღვევისთვის 2016 წლიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა ჯარიმის საერთო ოდენობამ - 2 400 000 ლარი, ხოლო ზომამცირე გემის გასვლის, ცურვის წესების დარღვევის, შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას დაწესებული ჯარიმების ოდენობამ კი - 208 200 ლარი შეადგინა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჯარიმების ოდენობის შემცირებამ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა იქონიოს.