CO2-ის ემისიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2017 წელს მსოფლიო მასშტაბით ნახშირორჟანგის გამონაბოლქვმა 1,6%-ით მოიმატა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

როგორც ჩანს, მიუხედავად ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, CO2-ის ემისია მაინც გაიზარდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. ამის შესახებ აღნიშნულია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში World Energy Outlook-ში.

კვლევის ავტორები ამას ენერგიაზე მოთხოვნის ზრდით ხსნიან. სააგენტოს მონაცემებით, ენერგიაზე მოთხოვნა 2040 წლისთვის ორჯერ გაიზრდება. მატება კი, პირველ რიგში აზიის განვითარებად რეგიონში ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან იქნება დაკავშირებული.

თუმცა ექსპერტები პესიმიზმის მიზეზებს ვერ ხედავენ, რამდენადაც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბუნებრივი აირი, განსაკუთრებით გათხევადებული. პროგნოზის თანახმად, გაზზე მოთხოვნა მომდევნო 20 წელიწადში გაიზრდება 45%-ით, ამასთან, 2040 წლისთვის მსოფლიო ბუნებრივი აირის 60%-ის მიწოდება გათხევადებული სახით მოხდება.

ამასთან, სულ უფრო ნაკლებ როლს შეასრულებს ქვანახშირი. ჩინეთშიც კი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელია, ამ ენერგომატარებელზე მოთხოვნა მომდევნო 20 წელიწადში 15%-ით შემცირდება, მაშინ როცა ევროპაში 65%-ით, ხოლო აშშ-ში 30%-ით.

დამაიმედებელ ფაქტორად კი კვლევის ავტორები განახლებული ენერგიისადმი მაღალ ინტერესს ასახელებენ. მათი პროგნოზით, მსოფლიო ენერგომოხმარების 45% 2040 წლისთვის სწორედ განახლებად ენერგეტიკაზე მოვა.

სააგენტოს აზრით, ნავთობი შეინარჩუნებს მის მნიშვნელოვან როლს. მათი განცხადებით, მომდევნო 4 წელიწადში ნავთობის უკმარისობაც კი შეიძლება ვიგრძნოთ, იმის გამო, რომ ამ დარგში მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ განხორციელებულა. ეს კი თავისთავად გამოიწვევს საწვავზე ფასების ზრდას.

კოკა კვირკველია