„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, მოხდეს აქციზის გადასახადის კლება.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს გამოიწვევს მოქალაქეთათვის სოციალური პირობების შემსუბუქებას.
„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, გაითვალისწინოს ის, რომ ბოლო დროს არის ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი და პრაქტიკულად რეკორდულ ნიშნულზეა ფასები.
სწორედ ამიტომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს ინიციატივა და ეს წარმოდგენილი გვაქვს როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ ვინაიდან დღეს ბიუჯეტის პროექტს განვიხილავთ, მოგიწოდებთ, რომ ასახოთ აღნიშნული ინიციატივა ბიუჯეტის კანონში და დაუბრუნოთ აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე იმ ნიშნულს, რომელზეც იყო 2017 წლის პირველ იანვრამდე. ეს გამოიწვევს დაახლოებით 25 თეთრით შემცირებას საწვავის“, -განაცხადა ოთარ კახიძემ.