საწვავის გაძვირების მორიგი ტალღა დაიწყო

მენავთობეებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და კომპანიებმა ”ვისოლმა” და ”გალფმა” საკუთარ ქსელებში ბენზინი უკვე გააძვირეს.

ამის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულების გაზრდა სახელდება. ”რეზონანსი” ცოტა ხნის წინ წერდა, რომ კომპანიები საწვავის გაძვირებისთვის ემზადებოდნენ.

”ვისოლმა” ყველა მარკის საწვავზე ფასი 2 თეთრით გაზარდა. შესაბამისად, ”ეკო სუპერი” 2,35 ლარი ღირს, ”ეკო პრემიუმი”-2,27 ლარი, ”ეკო დიზელი”-2,30 ლარი, ”ეკო რეგულარი”- 2,17, ”ევრო რეგულარი”- 2,12, ”დიზელ ენერჯი”-2,14 ლარი.

რაც შეეხება ”გალფს”, კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე ყველა მარკის საწვავზე ფასი ასევე 2 თეთრით გაიზარდა. ”ფორტე პრემიუმი” 2,29 ლარი ღირს, ”ფორტე ევრო რეგულარი”- 2,20, ”რეგულარი”-2,12, ”ევრო დიზელი”- 2,28, ”დიზელი”-2,14 ლარი. სხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ჯერ ფასი არ შეცვლილა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი საფასო ცვლილებების მიზეზად საერთაშორისო ფაქტორს განიხილავს. მისი თქმით, მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე ნავთობი ძვირდება. თვის დასაწყისიდან ეს არის ნავთობის ფასის 5 %-იანი მატება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაქსიმუმი მაჩვენებელია ბოლო 10 თვის განმავლობაში.

ივნისის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში ”ბრენტის” ნავთობის ფასი გაიზარდა 108,83 დოლარიდან 114,81 დოლარამდე 1 ბარელზე, ხოლო ნიუ იორკში ”ლაითის ტიპის” ნავთობის ფასი - 102,47 დოლარიდან 107,26 დოლარამდე. ნავთობის გაძვირება განპირობებულია ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ.

ყოველდღიურად ერაყიდან 2,8 მლნ ბარელის ექსპორტი ხორციელდება, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 3%-ს შეადგენს. სულ უფრო მეტი საშიშროებაა იმისა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში ნავთობმომპოვებელ რეგიონებს მოიცავს, რაც შავი ოქროს ექსპორტის შემცირების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე ეტაპზე ერაყში განვითარებული მოვლენები განაპირობებს მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციას.

საწვავის გაძვირებას ნაწილობრივ ხელი შეუწყო რუსეთი-უკრაინის კრიზისმაც. სწორედ უკრაინის საშუალებით ხდება რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში უკრაინის გავლით და აქაც არის საშიშროება იმისა, რომ მიწოდება შეფერხებით განხორციელდეს.

2014 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, ”პლატცის” მიხედვით, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე ასე გამოიყურება: 1 ტონა ბენზინი: 1049 დოლარი ღირს, დიზელი კი - 916 დოლარი. სხვათა შორის, საერთაშორისო ბაზარზე დიზელი უმნიშვნელოდ არის გაძვირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ბენზინის ღირებულება უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე წლის განმავლობაში მსოფლიოს ნავთობის ფასი გაიზარდა. მაგალითად, იყო პერიოდი, როცა საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1100 დოლარს აღემატებოდა, მაგრამ საქართველოს საცალო ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ფასი ზუსტად იგივე იყო, რაც ამჟამადაა.

წლეულს საწვავის ფასი მესამედ გაძვირდა. იანვარში მცირედი გაიაფება მოხერხდა, თუმცა შემდეგ მან გეზი გაძვირებისკენ აიღო და ტენდენცია დღემდე გრძელდება. ბოლოს საწვავი 5-9 ივნისს 5-10 თეთრით გაძვირდა. ამჯერად კი, როგორც აღვნიშნეთ საცალო ფასს 2 თეთრი ორმა კომპანიამ წაუმატა, თუმცა ამ დღეებში მათ მხარს სხვა მაგნატებიც აუბამენ.

”მოგეხსნებათ, ერაყი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, იქ არსებული ვითარება ყოველთვის მოქმედებს ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასებზე. როგორც კი სიტუაცია იძაბება, ნავთობის ფასი მაშინვე მატულობს. ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და სიტუაცია არც ისე მარტივია, ამიტომ ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასი ასე უცებ თავის ნიშნულს ვერ დაუბრუნდება”, - აცხადებს მთვრალაშვილი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ტურისტული სეზონი აქტიურია და ეს ფაქტორი გარკვეულ გავლენას ფასზე ყოველთვის ახდენს. ”ცვლილებები სეზონურად მოსალოდნელიც იყო. მსოფლიოში საწვავის მოხმარება იზრდება და ფასიც მატულობს, რაც გავლენას აქაც ახდენს”,- დასძენს მთვრალაშვილი.

ექსპერტები საქართველოში საწვავის ფასსა და საერთაშორისო ტენდენციებს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავენ. ანალიტიკოსი ბექა კემულარია ამბობს, რომ ფასის მოცულობა წელსაც დამოკიდებული იქნება ცალკეული კომპანიების კეთილ ნებაზე და საერთაშორისო ფაქტორი საფასო ცვლილებებს ასე უცებ ვერ გამოიწვევდა.

”დღესდღეობით საწვავის ფასზე ისევ მონოპოლიური ვითარებაა. ბაზარზე იგივე კომპანიები ოპერირებენ და ფასებს თავად კარნახობენ ბაზარს. მართალია, რამდენიმე მცირე კომპანიასაც მიეცა ბაზარზე გამოსვლის შესაძლებლობა, მაგრამ კონკურენტულ გარემოს ვერ ქმნიან და მათი საქმიანობა რეალურად არაფერს ცვლის. ხელისუფლებამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ზომებს უნდა მიმართოს, მაგრამ ასეთ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. კონკურენციის შესახებ კანონპროექტი მიღებულია, მაგრამ სამსახური ჯერჯერობთ არც ამოქმედებულა”, - ამბობს კემულარია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”