„რეზონანსი" - სამშენებლო სექტორში კრიზისის ნიშნები გამოჩნდა

ლარის დევალვაციამ სამშენებლო სექტორში დიდი პრობლემა შექმნა.

მშენებლების ინფორმაციით, მასალების გაძვირება თვითღირებულების ხარჯს ზრდის, რის გამოც ფასი მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ცხადია, გარკვეული გავლენა ამ მხრივ რეგულაციებმაც მოახდინა, თუმცა ყველაზე მეტად ბაზარი სავალუტო კრიზისის გამო დაზარალდა. კომპანიები იძულებული არიან, ბინები გააძვირონ. პარალელურად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება.

მსხვილი პროექტების - გზების თუ დიდი კომპლექსების მშენებლობაც შეფერხდა და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც ბინათმშენებლობაა. ცალკე პრობლემაა კრედიტებზე ხელმისაწვდომობის სირთულეც. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ბანკების შემოსვლმა მათი ბიზნესი დააზარალა, რადგან გიგანტ ბანკებს კონკურენციას ვერ უწევენ.

მშენებლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რეალიზაციამაც იკლო, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებით აიხსნება.

სამშენებლო კომპანია „ორბის" წარმომადგენელმა ვაჟა ნავროზაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა, რომ დეველოპერებს პრობლემა აქვთ, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. ნავროზაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მომხმარებელს უძრავი ქონება გაუძვირდეს, რადგან თვითღირებულება იზრდება.

„კურსის ცვალებადობა ნებისმიერ მობინადრეს უზრდის ფასს, ეს მოსალოდნელია. სამშენებლო მასალა გაძვირდა, შესაბამისად, მშენებლობის ხარჯიც მომატებულია. გარდა ამისა, ლარის გაუფასურება კომპანიებში დასაქმებული მუშების ხელფასზეც აისახა. მაგალითად, თუ დასაქმებული იღებდა გარკვეულ თანხას, უკვე ისიც მეტს ითხოვს, თვითღირებულებაც მეტი ჯდება და საბოლოოდ მყიდველი ზარალდება.

ცხადია, ეს ყველაფერი რეალიზაციაზეც აისახა, მოთხოვნა შემცირდა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შესამჩნევია ეს პროცესი, მაგრამ კლება ნამდვილად არის", - ამბობს ნავროზაშვილი და დასძენს, რომ კლიენტების შენარჩუნების მიზნით კომპანია გარკვეულ შეღავათს აკეთებს.

„ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, შეღავათიანი გრაფიკი დავუწესოთ მომხმარებელს, რომ გადახდა გაუადვილდეთ. ცხადია, რომ საქართველოში სამშენებლო სექტორს პრობლემა აქვს. რეგულაციამაც, გარკვეულწილად, გააძვირა ბინათმშენებლობა. კალკულაციას როცა აკეთებ და აწესებ ფასს, საბოლოოდ კლიენტთან ათანხმებ. წინ გხვდება გაძვირებული მასალა და ხშირად ვერაფერს ცვლი, რადგან ამ დროს მყიდველთან ხელშეკრულება დადებულია, ამიტომ ზოგ შემთხვევაში კომპანიაც დათმობაზე მიდის. ვითარება შეიცვალა და სულ სხვა მოცემულობაში ვიმყოფებით, ვიდრე, ვთქვათ, ეს იყო 2-3 წლის წინ ან უფრო ადრეც", - ამბობს ნავროზაშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა წუხილი ბაზარზე ბანკების გააქტიურებასაც უკავშირდება.

კომპანია „ზენიტის" დამფუძნებელი კიაზო აბესაძე ამბობს, რომ ბანკებმა შეგნებულად შეზღუდეს დეველოპერულ კომპანიებზე სესხების გაცემა, რაც მათ ბიზნესს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„მშენებლობა დროებით შეჩერებული გვაქვს, მაგრამ ვემზადებით ახალი პროექტებისთვის. ბოლო წლებში ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა. რეგულაციებს თუ გავითვალისწინებთ, გამკაცრდა, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ამაზე ვერც ვიდავებთ.

რაც შეეხება ფასებს, ზრდა ნამდვილად არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამით კომპანიები დიდ გასაჭირში ჩაცვივდნენ. უნდა ითქვას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასები სამშენებლო ბაზარზე ხელოვნურად იყო გაზრდილი, რის გამოც მასალების გაძვირება მაინცდამაინც მტკივნეულად არ ასახულა.

არის უფრო სხვა პრობლემა. მონოპოლია ბაზარზე ბანკებს უჭირავთ პარალელური ბიზნესის გამო, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს, საჭიროების შემთხვევაში, კრედიტების მიღება უჭირს. როგორმე უნდა დარეგულირდეს ბაზარი და სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესდეს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლარის გაუფასურებას სამშენებლო სექტორისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, რაც ამ ბიზნესს ბანკების საქმიანობის გამო მიადგა", - ამბობს „რეზონანსთან" კიაზო აბესაძე.

რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, რეალიზატორების ინფორმაციით, ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში ნამდვილად გაზრდილია დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში. ეს `ბესტი ჯგუფის~ წარმომადგენელმა მალხაზ კოხრეიძემაც დაადასტურა.

„სამრეწველო იატაკებს ვყიდით. პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები სამშენებლო კომპანიები არიან. რეალიზაცია დიდად არ შემცირებულა, თუმცა კომპანიებს მასალა საკმაოდ გაუძვირდათ. სხვაობა ფასში, წინა წლებთან შედარებით, 5-10%-ის ფარგლებშია. განსაკუთრებით ევროპიდან ჩამოტანილი მასალების ღირებულებამ მოიმატა, რაც ლარის დევალვაციას უკავშირდება", - აღნიშნა კოხრეიძემ.

რაც შეეხება 2019 წლის მოლოდინს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ფასები კიდევ შეიცვლება, თუმცა უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურდება ისეთი დეველოპერული პროექტები, რომლებიც მიკროუბნების მშენებლობას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს საცხოვრებელ სახლებთან ერთად სკოლების, სპორტული მოედნების მშენებლობასა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"