2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რისკის ქვეშ დამდგარი ინვესტიციის ოდენობამ 44 მლნ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეს წლიური ინვესტიციების დაახლოებით 4-5%-ია.
„2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რომელიც კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ითვლება და მსოფლიო ბანკის სტანდარტით მუშავდება, რისკის ქვეშ დამდგარი ინვესტიციის ოდენობამ 44 მლნ დოლარი შეადგინა. ეს ციფრები დათვლილია 42 ადგილობრივი და 53 საერთაშორისო კომპანიის მომართვის ანალიზის საფუძველზე, რომელთაც სჭირდებოდათ სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრა. 44 მილიონი აშშ დოლარი წლიური ინვესტიციების დაახლოებით 4-5%-ია, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში ქვეყანაში ბიზნესსექტორში სურათი დადებითია და ბიზნესგარემო მეგობრულია. ამას ადასტურებს ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მე-6 პოზიცია და სხვა რეიტინგებში მაღალი შეფასებებიც. თუმცა, ყოველთვის რჩება ბიზნესის ოპერირების პროცესში ისეთი პრობლემური საკითხები, რომლებიც მუდმივად საჭიროებს მთავრობის მხრიდან ყურადღებას და მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურად მიგვაქვს მთავრობის სხვადასხვა შტოებამდე ბიზნესის ყველა წუხილი და ვფიქრობთ, რომ ამ შუამავალი რგოლის ფუნქციას აქტიურად ვასრულებთ“, - აცხადებენ ბინზნესომბუდსმენის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე ხშირად მეწარმეები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურთან არსებული საკითხების მოგვარების მიზნით მიმართავენ.
„ ეს ბუნებრივიც არის, რადგან ამ უწყებას ყველაზე ხშირი შეხება აქვს რეგულირების და ადმინისტრირების კუთხით ბიზნესთან, ჩვენს მიერ ყველაზე მეტი რეკომენდაციაც ამ უწყების მიმართ არის გაგზავნილი რომელიც ეხება, ჯარიმების, საურავების თუ შემოწმების სხვა შედეგების გასაჩივრებას.
აქვე გეტყვით, რომ ყველაზე ეფექტური კომუნიკაციაც სწორედ ამ უწყებასთან გვაქვს და კომუნიკაციის ხარისხი ძალიან მაღალია. მიმდინარე წელს დავების საბჭოში ჩვენი მხარდაჭერით 32 საქმე იქნა მხარდაჭერილი, აქედან 16 მიმდინარეა, 10 დაკმაყოფილდა კომპანიების სასარგებლოდ, 6 არ იქნა დაკმაყოფილებული. შემდეგ მოდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რადგან ხშირია საკითხები რომელიც უკავშირდება უძრავი ქონების შეძენას, იჯარას, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას. აქვე გეტყვით რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩვენ ვართ „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ წევრი სადაც ინვესტორებისთვის პრობლემური სხვადასხვა საკითხები განიხილება. მესამე ინსტიტუცია, ვის მიმართაც ბიზნესს ხშირად შემოაქვს განაცხადები, არის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, რადგანაც ზედამხედველობასთან, სამშენებლო ნებართვებთან თუ სხვადასხვა ადგილობრივ კომპეტენციებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწვეტილებები სწორედ იქ მიიღება“, - აღნიშნავენ აპარატში.
მათივე ინფორმაციით, ბიზბნესომბუდსმენის აპარატს მეწარმეები საკითხების გადასაწყვეტად ყველაზე ხშირად საცალო და საბითუმო ვაჭრობისასა2 და მშენებლობა და ინფრასტრუქტურის სფეროებიდან მიმართავენ.
მათივე ცნობით, ბოლო თვეების სტატისტიკით, ეროვნული ბანკის დაანონსებული რეგულაციების გამო გაიზარდა საფინანსო სექტორიდან ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვის მაჩვენებელი.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიმართვებს საჯარო უწყებების მხრიდან ყოველთვის აქვს რეაგირება და კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კუთხით პრობლემები არ არსებობს, თუმცა არის შემთხვევები როდესაც საკითხის ბიზნესისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტა არ ხდება. ჩვენს მიერ გაგზავნილი რეკომენდაციების ნაწილობრივი ან სრულად დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაახლოებით 65-70%-ის ფარგლებშია“, - აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.