სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების ეფექტი

”წელს საქართველოში დაახლოებით 230 ათასი ჰექტარი სავარგული დამუშავდება”

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი ფინალურ ფაზაში შევიდა. პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის დახმარებას 757 000 ბენეფიციარი მიიღებს. აქტიურად გრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელიც დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე რაიონების განვითარებას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ კი ძალაში შევიდა მთავრობის ახალი პროექტი -”აწარმოე საქართველოში”, რომელიც სოფლის მეურნეობის ნაწილში მეწარმეებს ბევრ საინტერესო შეღავათს სთავაზობს.

გიორგი ჩხეიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი: ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რამდენიმე პროექტი და ის შედეგები, რომელიც ამ პროექტების განხორციელებით მივიღეთ.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზუფხულო პროექტში, დაახლოებით 750 ათასი ბენეფიციარი მონაწილეობდა. ჯერ კიდევ გრძელდება აგრობარათების დარიგების პროცესი, რაც ამ პროექტის სიახლეა. ბენეფიციარებს ასევე გადაეცათ ხვნის ბარათები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია. დღეისათვის დაახლოებით 110 ათასი ჰექტარი მიწაა მოხნული "შპს მექანიზატორის" და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების მიერ. ამას ემატება დაახლოებით 85 ათასი ჰექტარი, რომელიც ჩვენმა ბენეფიციარებმა საკუთარი ძალებით დაამუშავეს შემოდგომით ან ადრეულ გაზაფხულზე, სანამ საგაზაფხულო პროექტი ძალაში შევიდოდა. თუმცა, მათ მიერ გაწეული სამუშაოების კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად მოხდება. მაგალითად, ასეთი ბენეფიციარების ნაწილმა პროექტის ფარგლებში მიღებული ხვნის ბარათები შეინახეს საშემოდგომო სამუშაოებისთვის და მათი გამოყენება მოხდება მიმდინარე წლის ნოემბრამდე, მას შემდეგ, რაც ფართობებზე საგაზაფხულო კულტურას აიღებენ. ჩვენც მზად ვართ, რომ შპს ”მექანიზატორის” საშუალებით ეს სავარგულები შემოდგომაზე დავუმუშავოთ. ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი მიწა პროგრამის ფარგლებში კიდევ შემოდგომით მოიხვნება. შესაბამისად, ველოდებით რომ საერთო ჯამში წელს საქართველოში დაახლოებით 230 ათასი ჰექტარი სავარგული დამუშავდება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე მეტია.

გასულ წელთან შედარებით პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობაც გაიზარდა და ბუნებრივია, მათ მფლობელობაში არსებული ფართობებიც უფრო მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადეთ და გასულ წელს ოთხჯერ მოხდა პროგრამის მონაწილეთა სიების დაზუსტება, მაინც იყო შემთხვევები, როცა ფერმერთა ნაწილი ბენეფიციართა ნუსხაში ვერ მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პროექტი თბილისსა და რამდენიმე დიდი ქალაქის მიმდებარე სოფლებზეც გავრცელდა, რამაც ასევე გაზარდა დასამუშავებელი მიწის ფართობი.

-თუ ბენეფიციარს შეუძლია ხვნის ბარათი ნოემბრამდე გამოიყენოს, აგრობარათებით სარგებლობის ვადა როდის იწურება?

-აგრობარათების მოქმედების ვადა აგვისტოს ბოლომდე გრძელდება და შესაბამისად, გრძელდება აგრობარათების გაცემის პროცესიც. აღნიშნული ბარათების დაახლოებით 80% უკვე გაცემულია და ამ დრომდე, დღეში საშუალოდ 2000-2500 ბარათის გაცემა ხდება. წინასწარი მონაცემებით, ფერმერები აგრობარათებზე დარიცხული ქულებით იძენენ სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს და სათესლე მასალას.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ წელს უკეთესად იყო ორგანიზებული მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი - გასული წლის გამოცდილებაც გავითვალისწინეთ, ტექნიკაც მეტი გვქონდა და ყველა სამუშაოს შესრულება აგროვადებში გახდა შესაძლებელი. მართალია, წელს უფრო მეტად შეგვიშალა ხელი უამინდობამ, მაგრამ ტექნიკური საშუალებების გაზრდილი რაოდენობის დამსახურებით ყველა პროცესი აგროვადებში მოესწრო. პროექტის მიმდინარეობისას არც განსაკუთრებულ ხარვეზებს ჰქონია ადგილი. გახსოვთ ალბათ, გასულ წელს იყო აგრობარათის გაყიდვის შემთხვევები, რასაც კანონდამრღვევთა დაკავება მოჰყვა. წელს კი ბენეფიციარებს აგრობარათების სახით ”ლიბერთი ბანკის” პლასტიკური ბარათები გადაეცათ, რომელთა გაყიდვა და გასხვისება ფაქტობრივად, შეუძლებელია. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ პროექტის მონიტორინგს და შემიძლია გითხრათ, რომ დაცულია როგორც სასოფლო-სამეურნეო მასალების და ნედლეულის ასორტიმენტი, ასევე ზღვრული ფასები ამ პროდუქციაზე. გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს ჩვენ დეტალურად შევისწავლით პროექტით გათვალისწინებული ბენეფიტების ათვისების მაჩვენებლებს: სად რამდენი ფართობის დამუშავება მოხდა, რა კულტურები დაითესა და ა.შ.

- წელიწადზე მეტია, რაც თქვენი სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ახორციელებს, როგორია პროექტის შედეგები ამ ეტაპზე?

- ჩვენ ვაგრძელებთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში დაახლოებით 20 ათასი სესხის გაცემა მოხდა და ჯამში დღეისათვის საკრედიტო პორტფელი 320 მილიონ ლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ სესხის დაუბრუნებლობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ფაქტობრივად, არ არის. მოგეხსენებათ, რომ მეწარმის მიერ სესხის არ დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სესხის 30%-ის გაცემას ბანკებისთვის. ასეთია სახელმწიფოს გარანტია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ სესხზე მოგვიწია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

გვაქვს მოლოდინი, რომ შეღავათიანი აგროსესხების პროექტის პორტფელი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება და 400-450 მილიონ ლარს გადააჭარბებს. 80 ახალი საწარმო შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან დაფინანსებიდან საწარმოს შექმნამდე გარკვეული დროა საჭირო.

მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელიც საგრანტო კომპონენტსაც მოიცავს. მეწარმეების მხრიდან საკმაოდ ბევრი წინადადება შემოვიდა განსახილველად და საგრანტო კომიტეტზე უკვე გავიდა განსახილველად 8 პროექტი, საიდანაც 5 დამტკიცდა, რომელთა დაფინანსებას ვიწყებთ.

ამ ხუთი პროექტიდან ორი ხილის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც გაიხსნება გურიაში და ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმო აჭარაში. ასევე გრანტების გაცემა მოხდება ორი თხილის ქარხნის გასახსნელად სამეგრელოში. ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ ახალი საწარმოების დაფინანსება მოხდება. ჩვენი მიზანია, რომ ყველა რაიონში თითო ახალი გადამამუშავებელი საწარმო შევქმნათ, რომელიც ბიძგს მისცემს ამ რაიონში პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას. იმ პროექტებს შორის, რომელთა დამუშავება ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ჩაის რამდენიმე ფაბრიკის, ხილის, ციტრუსის და კენკრის გადამამუშავებული საწარმოს პროექტია. არის ასევე თხილის გადამამუშავებელი და ცხოველის საკვების წარმოების პროექტები. ყოველ დაფინანსებულ საწარმოზე შეიქმნება და შეთანხმდება საინვესტიციო, წარმოების გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება ექნებათ მეწარმეებს. გარდა ფინანსური დახმარებისა, რომელიც გულისხმობს გრანტს და კრედიტის პროცენტის დაფინანსებას, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს ტექნიკურ დახმარებასაც აღმოვუჩენთ. ეს შეიძლება იყოს მენეჯმენტი, აღრიცხვის სისტემები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სურსათის უვნებლობის და მართვის სისტემები.

-ახლახან ძალაში შევიდა სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, რომლის ერთ-ერთი მიმართულება სოფლის მეურნეობაა...

-”აწარმოე საქართველოში” გახლავთ საქართველოს მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალი ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნას. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პროექტის ერთი მიმართულება გახლავთ ინდუსტრიული საწარმოები და დარგობრივი ნუსხა შედგა იმის მიხედვით, თუ როგორია საქართველოში ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და რა შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე. პროექტის სასოფლო-სამეურნეო ნაწილში ასევე პრიორიტეტი ენიჭება ისეთი პროდუქტების წარმოებას, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს. ”აწარმოე საქართველოში”-ს სასოფლო-სამეურნეო ნაწილი მიზნად ისახავს სასათბურე მეურნეობების, ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმების შექმნას, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას: ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, თაფლის, ტყავის და ჩაის.

”აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში მოხდება შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა ერთ პროექტზე 2 მილიონ დოლარამდე მოცულობით. დღემდე შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა 600 ათასი დოლარით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, ახლა გაჩნდა უფრო მასშტაბური პროექტების დააფინანსების შესაძლებლობა. პროექტის დამტკიცებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო მეწარმეს სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს გადაუხდის და შესაბამისად, მეწარმეებს მოუწევს კრედიტზე 0-3%-ის გადახდა.

ამასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შეადგინა ნუსხა ინფრასტრუქტურული და საწარმოო ობიექტებისა, რომელიც დღეს გაჩერებულია და სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ”აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, სიმბოლურ 1 ლარად გადაეცეთ საკუთრებაში ეს ობიექტები, თუ ინვესტიციის სახით ამ ობიექტის ღირებულების ოთხმაგ, ხოლო თბილისში ექვსმაგ ოდენობას ჩადებენ. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და რამდენიმე ობიექტის გადაცემის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

პროექტის ფარგლებში ბანკები აქტიურად განიხილავენ სასესხო განაცხადებს. ამასობაში ჩვენ არ ვჩერდებით და რეგონებში ინტენსიურად ვმართავთ შეხვედრებს და დაინტერესებულ პირებს პროექტის დეტალებს ვაცნობთ.

ემა ტუხიაშვილი