ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 173.8 ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.6 ლარით გაიზარდა.კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 170.2 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 0.2 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში ეს მონაცემი 174 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში 3.2 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 153.9 ლარი შეადგინა, 6.1 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 291.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით, 0.4 ლარით არის შემცირებული.