ტრეიდერების სპეკულაციურმა განწყობებმა ნავთობი გააძვირა

„Admiral Markets“-ის ანალიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო ნავთობის ფასის მოძრაობის ტენდენციები.

კერძოდ, ბრენტის ტიპის ნავთობმა ბარელზე 114 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული ნავთობის ფასი 106 დოლარის ფარგლებში იყო. ზრდა გამოწვეული იყო არა იმით, რომ ნავთობის მარაგების ნაკლებობა დაფიქსირდა ან მოპოვება შემცირდა, არამედ ტრეიდერების ნევროზული და სპეკულაციური განწყობებით ბირჟებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კვლავ დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ნავთობის მიწოდება შეფერხდება. ამის თაობაზე თავად ოპეკის წარმომადგენლებმა განაცხადეს. გასათვალისწინებელია, რომ ერაყში საომარი ვითარების მიუხედავად, ქვეყანა წლის ბოლომდე გეგმავს გაზარდოს მოპოვება 3,5 მილიონ ბარელამდე დღეში. ასევე ოპეკის ქვეყნებს გააჩნია საკმარისი სპეციალური მარაგები.

ამ რეალობის გათვალისწინებით, კვირის ბოლოსთვის მოხდა ფასების კორექტირება და ბრენტმა დაიწია ბარელზე 113 დოლარამდე, ხოლო ამერიკულმა ნავთობმა 105 დოლარამდე. ასევე მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თითქმის 3 პროცენტით კლება, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა კრიზისის შემდგომი პერიოდისთვის. ამ ინფორმაციამ დაუდო საფუძველი ძირითად ვალუტებს გამყარებულიყვნენ დოლართან მიმართებაში და ჩამოეყალიბებინათ აღმავალი ტრენდები. საერთო ჯამში ევრომ ამერიკულ დოლართან მოიმატა 60 პუნქტით, ფუნტ სტერლინგმა - 75 პუნქტით, იაპონურმა იენმა - 50 პუნქტით, ხოლო ახალმა ზელანდიურმა და ავსტრალიურმა დოლარებმა შესაბამისად, 100 და 70 პუნქტით.

როგორც ხედავთ, გასული კვირა დაძაბული გამოდგა და ეს კვირაც დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაციებით, რომლებიც ბირჟებზე იმოქმედებენ. კერძოდ, ორშაბათს იაპონიაში გამოვა მრეწველობის თაობაზე მონაცემი და წინასწარი ინფორმაციით, მოსალოდნელია მატება, გერმანიაში გახდება ცნობილი საცალო გაყიდვების შესახებ მაჩვენებელი, ხოლო შეერთებულ შტატებში საქმიანობის აქტიურობის ინდექსი. სამშაბათს ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდება წარმოების აქტიურობის მაჩვენებელი. ასევე გერმანიასა და ევროპაში გამოვა უმუშევრობის თაობაზე მონაცემი და წინასწარი ინფორმაციით, ნავარაუდევია მატება. ეს ინფორმაციები აუცილებლად იმოქმედებენ ევროსა და ამერიკული დოლარის კურსზე. ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდება ბენზინისა და ნავთობის მარაგების შესახებ ინფორმაცია და იგი ამერიკული ნავთობის ფასზე იმოქმედებს.

მასალა მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ