"სახელფასო ბიუჯეტში საკმაოდ უმნიშვნელო ზრდაა გათვალისწინებული"

თბილისის მერის პირველი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტში ხელფასების მცირედი ზრდაა გათვალისწინებული.

მისი განმარტებით, ამის საჭიროება მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციების ზრდამ გამოიწვია. ამასთან, ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური შეიქმნა, რამაც დამატებითი საკადრო რესურსი მოითხოვა.

„სახელფასო ბიუჯეტში საკმაოდ უმნიშვნელო ზრდაა. მუნიციპალური ინსპექციის შექმნამ გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, ზედამხედველობის სამსახური მუნიციპალურ ინსპექციად გადაკეთდა. რესურსი ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა და ამ მიმართულებით ზრდა კიდევ არის დაგეგმილი. ასევე, მოხდა ინსპექტირების ფუნქციების დამატებაც. ინსპექტირების სამსახურმა რამდენიმე ახალი ფუნქციაც შეიძინა, ეს არის ხმაურის კონტროლი, სამშენებლო დარღვევების მიმართულებით გაძლიერებული კონტროლი, ასევე მონიტორინგი გაძლიერებულია ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მერიაში წელს შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, სადაც მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებითი საკადრო რესურსი, აქედან გამომდინარე სახელფასო ფონდში მცირედი ზრდა მოხდა“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიაში ხელფასების განაკვეთების ზრდა არ იგეგმება.